რატომღაც ეს სიტყვები ამომიტივტივდა გონებაში, როცა 31 იანვრის აქციისადმი მიძღვნილი ემოციური კომენტარები წავიკითხე.
დიახ, შეფასებები ძირითადად ემოციური იყო - ყველა საუბრობდა (და საუბრობს) იმაზე, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ამდენი ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლო, რომ ისინი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადებიან!
სამწუხაროდ, არავინ საუბრობს, რომ ამ შემთხვევაშიც ხელწერა უცვლელია - ხალხის განწყობით მანიპულირება და ამით თამამი გაჯირითება ხელისუფლების კვარცხლბეკზე ასასვლელად!
არავინ საუბრობს იმაზეც, რომ ამ აქციით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ „მსუყე“ ქულა ჩაიწერა თავის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში და იმის ილუზიაც შექმნა, რომ, როცა „საქმეს“ დასჭირდება, ხალხს ქუჩაში ისევ გამოიყვანს და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს კიდევ დაიკმაყოფილებს!
მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, თავისი არსით ეს ღონისძიება გამორჩეული არაფრით ყოფილა - იგივე ლოზუნგები, იგივე რიტორიკა (რაც წლების მანძილზე გვესმის). ყველაფერი ის, რასაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად საუბრობს, ის მოთხოვნები (უკმაყოფილება), რაც ამომრჩეველს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ დაუგროვდა, აქციის ორგანიზატორებმა ლამაზად შეფუთეს, პიარის მანქანაც აამუშავეს და ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს!
ცხადია, რომ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულმა აღსასრულმა საგრძნობლად შეუწყო ხელი ხალხის მობილიზებას რუსთაველზე - ხალხი ქუჩაში დაუცველობის განცდამ, სამართლიანობის აღდგენის დაუოკებელმა სურვილმა, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ (რომელსაც ლარის კურსის გაუფასურებამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი), ზოგადად, მთავრობის უუნარო პოლიტიკამ გამოიყვანა. ერთი სიტყვით, „პატრიოტებმა“ საზოგადოებაში გაჩენილ ღრმა იარებს მარილი მოაყარეს და ამით კიდევ უფრო გამწარებული მასა ქუჩაში გამოიყვანეს!..
შეიძლება მავანმა იფიქროს, რომ აღნიშნული აქციით შეშინებულმა მთავრობამ თავისი „კლანჭები“ გამოაჩინა და სამართლიანობის აღდგენის (დამკვიდრების) პროცესი დაიწყო, რაც კორტების გახმაურებულ ოპერაციასთან დაკავშირებული პირების დაკავებით გამოიხატა, მაგრამ ეს რეალობასთან ახლოს არ არის - მთავრობას უბრალოდ სხვა გზა არ დარჩა!
არც ის არის დასამალი, რომ გუშინდელმა სერიოზულმა დაჭერებმა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაღიზიანებაც კი გამოიწვია - ისინი ფიქრობენ (სავსებით სამართლიანად); თუ ყველა სამხილი სახეზე იყო და მხოლოდ ხელბორკილების დადება იყო საჭირო, რატომ აჭიანურებდა პროკურატურა ამ საქმის გახსნილად გამოცხადებას?! ან რას ნიშნავს ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა: „თებერვლიდან ახალი ეტაპი დაიწყება?!“ ნუთუ იური ვაზაგაშვილის ასეთი ტრაგიკული აღსასრული იყო საჭირო იმისთვის, რომ პროკურატურას ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გახსნილად გამოეცხადებინა?
სამართალდამცავმა ორგანოებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ და ყველა დანაშაულს სათანადო კვალიფიკაცია უნდა მისცენ, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური შეფერილობა - მითუმეტეს, მათი საქმიანობა თანმიმდევრული უნდა იყოს და არა ეპიზოდური!
არც ის არის საკამათო, რომ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება მარტო გახმაურებული მკვლელობების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას არ გულისხმობს. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ხალხი პატარ-პატარა „ულუფებით“ ყოველთვის დაკმაყოფილდება, ძალიან ცდება!
სამართლიანობის დამკვიდრება ყველა არსებითი პრობლემების გადაწყვეტას გულისხმობს, რომელსაც ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასთან ერთად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამაც სჭირდება!
ცხადია, ამაზე არც დღევანდელი მთავრობა იწუხებს თავს, რაც არა იმდენად მათ სისუსტეზე და თავნებობაზე მეტყველებს, რამდენადაც საზოგადოების უუნარობაზე _ მოითხოვოს ის, რაც ეკუთვნის, ანუ ქვეყანა უნდა იმართებოდეს არა ყბადაღებული ლოზუნგებით და ასევე ყბადაღებული დაპირებებით, არამედ უნდა არსებობდეს სახელმწიფოს განვითარების გრძელვადიანი პროგრამა!..
ახლა რაც შეეხება 31 იანვრის აქციას და მის ორგანიზატორებს, როგორც ვთქვი, მათ იარებზე მარილი მოაყარეს, ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს და ამით ხელისუფლებას აგრძნობინეს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ორბიტაზე ახალი სერიოზული მოთამაშე გამოჩნდა, რომელსაც უკვე ხალხის მხარდაჭერა აქვს და საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტს მიიღებს, რომ მათ საზოგადოების პულსზე უჭირავთ ხელი და ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდებიან!
მე თუ მკითხავთ, ამ აქციაში ახალი არაფერი არ არის - არც ის ლოზუნგებია ახალი, რომელმაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელისუფლებაში (სერიოზულ პოლიტიკაში) შემოსვლაზე პრეტენზია ექნება, ახალი იდეებით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამით უნდა შემოვიდეს და არა ცრუ, მრავალგზის გადაღეჭილი ლოზუნგებით!..
P.S. მე ახალი პოლიტიკური ძალის საქართველოს პოლიტიკურ ორბიტაზე შემოსვლის და შესაბამისად, პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნების მომხრე ვარ, მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, არ მინდა ისევ ძველი ისტორია განმეორდეს, როცა ტრადიციულად პოლიტიკური პარტიები ჯერ ძალას იკრებენ - პოლიტიკაში ემოციურ ტალღაზე შემოდიან და რამდენიმე თეზისური განცხადების გარდა სახელმწიფოს მართვის პროგრამა არ გააჩნიათ!
და კიდევ ერთი: აქციის ორგანიზატორებისგან („პატრიოტებისგან“) საზოგადოება ელოდა, რომ ის გააგრძელებდა უკომპრომისო ბრძოლას საყდრისის გადარჩენისათვის. არადა, აქციაზე ამის მსგავსი არაფერი გაჟღერებულა, რაც ხაზს უსვამს მათ არათანმიმდევრულობას!
მე მგონი ეს ცოტა ნამდვილად არ არის!...
საბა საბახტარაშვილი