ეს წერილი-განცხადება „ივერიონს“ თბილისის 116-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ბატონმა დიმიტრი მეჭურჭლიშვილმა გამოგვიგზავნა.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე „ივერიონი“ მას უცვლელად გთავაზობთ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
ქ-ნ თამარ სანიკიძეს
ასლი: საქართველოს სახალხო დამცველს
ასლი: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას
ასლი: საქართველოს პარლამენტს
ქალბატონო თამარ,
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში მიმდინარეობს ჩემი სარჩელის განხილვა, პირადი ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური დევნის მიზეზით ჩემი დაბლოკვის გამო ჩვენ მივიღეთ შიდა აუდიტის დეპარტამენტის წერილი №057158 – 28.01.15.
ამ წერილის პასუხად მოგახსენებთ: გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ აღნიშნული წერილი შექმნილია შიდა აუდიტის დეპარტამენტის კედლებში იმ სამსახურის მიერ, რომელიც პირადად ახდენდა ჩემზე ზეწოლებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში პედაგოგ დ. ფერაძის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნით. ამ მიზნით ხდებოდა სკოლის არა ლეგალური დოკუმენტალური რევიზია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იმის გამო, რომ მე უარი განვაცხადე ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე, ახლა იკერება ახალი საქმე, თითქოს ვინმე გ. მაისურაძის განცხადების საფუძველზე. ამ წერილთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის N89/ნ ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტირების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს განცხადება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის 17 აპრილს ვინმე ვირტუალურმა მოქალაქემ გიორგი მაისურაძემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოიტანა განცხადება, სადაც ის ზოგადად აცხადებს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლაში არის ფინანსური დარღვევეები, შერჩევით გაიცემა პრემიები, არის გაბერილი შტატები და ა.შ.ანუ კონკრეტული დისციპლინური გადაცდომა განცხადებაში მითითებული არ არის.
საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 78-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია განცხადებისთვის სავალდებულო რეკვიზიტები, მათ შორის, ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება წერილობითი ფორმით უნდა შეიცავდეს განმცხადებლის ვინაობას და მისამართს. 2014 წლის 17 აპრილის N222147 განცხადება, არ შეიცავს აღნიშნულ რეკვიზიტს, განცხადებაში მითითებულია საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელი და გვარი, მაგრამ არ ერთვის ვინაობის (პირადობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გარდა ამისა, მოქალაქე გიორგი მაისურაძის განცხადებაში მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, არბოს ქ. N27. როგორც გავარკვიეთ, განმცხადებლის მიერ მითითებული მისამართი არ არსებობს. რაც შეეხება ზოგადად გიორგი მაისურაძეს, მსგავსი სახელი და გვარის ადამიანი არბოს ქუჩაზე საერთოდ არ ცხოვრობს. ყოველივე ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხდება ჩემი პირადი ანგარიშსწორება ე.ი. დევნა პოლიტიკური ნიშნით!
საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განმცხადებელი ვალდებულია განცხადებას დაურთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს ეკისრება კანონით. გამომდინარე იქედან, რომ 2014 წლის 17 აპრილის განცხადება არ შეიცავს 78-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკვიზიტს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემოქმედა საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ განუხორციელებია შიდა აუდიტის დეპარტამენტს.
ასევე მოგახსენებთ, რომ ჩემთვის გაუგებარია, რა მიზნით ხდება შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, 2014 წლის 17 აპრილს შემოტანილი განცხადების საფუძველზე ინსპექტირების (საქმის გარემოებების მოკვლევის) 2015 წლის იანვრის ბოლოს დაწყება, მაშინ როდესაც, 2014 წლის განმავლობაში ხშირად მიწევდა შიდა აუდიტის დეპარტამენტისათვის ახსნა-განმარტებისა და ანგარიშის წარმოდგენა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, როგორც სსიპ ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექტორს და არცერთხელ არ მეცნობა აღნიშნული განცხადების შესახებ!
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ გრძელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სსიპ ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექტორის პოლიტიკური დევნა უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო!..
ვითხოვ თქვენს რეაგირებას აღნიშნულ კანონდარღვევებზე!
მოგიწოდებთ შეწყვიტოს ბატონმა ა. ონოფრიშვილმა ჩემი პოლიტიკური დევნა და შევიწროება, რათა სასამართლოს მიეცეს საშუალება დაადგინოს სიმართლე!
პატივისცემით,
სსიპ ქალაქ თბილისის N116 საჯარო
სკოლის დირექტორის მ/შ /დიმიტრი მეჭურჭლიშვილი/
(სტილი დაცულია)