ივერიონი / მარიკა კვალიაშვილი: რომ შემეძლოს შუაში ჩავდგებოდი და გახლეჩილ საზოგადოებას შევაერთებდი!

მარიკა კვალიაშვილი: რომ შემეძლოს შუაში ჩავდგებოდი და გახლეჩილ საზოგადოებას შევაერთებდი!

- ქალბატონო მარიკა, როგორ შეაფასებდით მუსიკის სფეროში არსებულ ვითარებას. საით მიდის ქართული მუსიკა? 

 

- ძალიან მტანჯავს ის ფაქტი, რომ საზოგადოება ორად არის გაყოფილი. რომ შემეძლოს, შუაში ჩავდგებოდი და ყველას შევაერთებდი. დღეს თითქოს ყველა ერთმანეთს ვეჯიბრებით საქართველოს სიყვარულში და თუ ეს ის საკითხია, რომელიც ყველაზე მეტად გვაწუხებს, მაშინ ერთად დავდგეთ და ქართული საქმე ვაკეთოთ. მე მჯერა, რომ დადგება დრო და ერთ მუშტად შეკრული საქართველო სიყვარულისა და სიკეთის სამსახურში ჩადგება. ეს ყველა სფეროს ეხება - მუსიკასაც, ლიტერატურასაც. ხელოვანმა რომ თავისი საქმე აკეთოს, საამისო პირობები და მშვიდი ცხოვრება უნდა ჰქონდეს. შევეშვათ მტრობას და ხელი წავაშველოთ ერთმანეთს. მაშინ იქნება სასიამოვნო სიმღერაც და ცეკვაც.

 

როგორც შემოქმედი ადამიანი, ვფიქრობ, რომ ქართული მუსიკა ყოველთვის არის და იქნება. დროდადრო ახალგაზრდები მოდას აჰყვებიან ხოლმე და უცხოურ მუსიკას უფრო აფასებენ, მაგრამ ეს დროებითია, მოდის დრო და ყველა სისხლის ყივილს გრძნობს. ქართველი ახალგაზრდა რომ ჩოხას ჩაიცვამს და ქართულ სიმღერას იმღერებს, სულ სხვა ძალაა და ის თავად გრძნობს ამ ძალას. მადლობა ღმერთს, რომ კიდევ გვყავს ასეთი ახლგაზრდები. 

 

- როგორი მდგომარეობაა საქართველოს მუსიკალურ სასწავლებლებში, რამდენად შესაძლებელია, რომ ახალგაზრდებმა სრულფასოვანი მუსიკალური განათლება მიიღონ? 

 

- ვფიქრობ, ჩვენთან არაჩვეულებრივი სწავლებაა. ჩვენგან წასული, კონსერვატორიადამთავრებული  ახალგაზრდები ბრწყინვალედ გამოდიან უცხოურ ასპარეზზე და იქ უკვე სხვა გამოცდილებას იღებენ!

 

- რა როლს ასრულებს კომპოზიტორთა კავშირი ქართულ მუსიკის განვითარებაში და რამდენად ქმედითუნარიანია იგი? 

 

- ჩემთვის ეგ ყველაზე მტკივნეული საკითხია. კომპოზიტორთა კავშირი დიდ როლს უნდა ასრულებდეს, მაგრამ დღეს იგი მოდუნებულია. მაინც ვფიქრობ, რომ დადგება დრო და ყველაფერი დალაგდება. 

 

- რა გეგმები გაქვთ და რით გაანებივრებთ თქვენს მსმენელს? 

 

- ახლახანს იმერეთში ფესტივალი ჩატარდა რომელსაც ჩემი სახელი დაარქვეს (ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი იმერეთის რეგიონს). არაჩვეულებრივი ფესტივალი ჩატარდა, მეტად ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობდნენ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ არსად მთელს მსოფლიოში არაა იმდენი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვი რამდენიც საქართველოში. ამ ფესტივალისთვის თითოეული სოფლიდან შევარჩიეთ ბავშვები. იქ რუსთაველის საზოგადოების ეგიდით ჩავედით, რომლის კულტურის განყოფილების თავმჯდომარე მე გახლავართ. ვიყავით მუსიკოსები, რეჟისორები, ქორეოგრაფები, მსახიობები და ა.შ.

 

როცა ამ ბავშვებს მოვუსმინეთ, ჩვენს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენ მზად ვართ ამგვარი ფესტივალები საქართველოს ყველა რეგიონში ჩავატაროთ, რა თქმა უნდა,  სრულიად უსასყიდლოდ. შემდეგ იქიდან შერჩეულ ბავშვებს  თბილისში ჩამოვიყვანთ და კონცერტებს ჩავატარებინებთ. ასევე, თბილისის ყველა სკოლაში შევალთ და დავეხმარებით, რითიც შეგვიძლია.

 

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა - ძლივს მოვერიე ჩემს თავს და ისევ წელში გავიმართე, რადგან ჩემგან ისევ მოელიან სიახლეებს. ჩემს ახლგაზრდებს ძალიან ვჭირდები. ამიტომ, დღესაც ვზივარ და ვმუშაობ. სხვანაირად არ შემიძლია.

 

თუ ცოცხალი ხარ, ამ სიცოცხლეს სიცოცხლე უნდა ერქვას. ტკივილი, რომელიც ცხოვრებაში მერგო, ძალიან დიდია, მაგრამ ის პირადად ჩემია და სხვას თავს ვერ მოვახვევ. მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი ხალხი. ყველას ბედნიერებასა და სიმშვიდეს ვუსურვებ. მინდა, რომ საქართველოში არცერთ ოჯახს ხვალინდელი დღის დარდი არ ჰქონდეს!

 

                                                ესაუბრა გიორგი მოსიაშვილი.

 

4-02-2015, 11:17
უკან დაბრუნება