პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი წარუდგინა. აღნიშნული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს დღეს მიმართა.
"გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 2005 წლის 03 თებერვალს, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებთან ერთად, გამოძიების წარმოება დაევალათ თბილისის ვაკე-საბურთალოს იმჟამინდელ რაიონულ პროკურორს მამუკა გვარამიასა და პროკურორის თანაშემწეს როსტომ ლაზარიას.
გამოძიების პირველ ეტაპზე, მოცემულ საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო მ. გვარამია, რომელიც უშუალოდ ატარებდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორებიცაა ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრების, მათ შორის: კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას დაკითხვებს, რომელთა ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე რეალური გარემოებების დადგენა.
დაკავებული თანამდებობებიდან გამომდინარე, მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას, როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრებს, ევალებოდათ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების წარმოება და იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელთა მიზანი იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეზე "ცხელ კვალზე" მტკიცებულებათა მოპოვების გზით, ჭეშმარიტების დადგენა.
მიუხედავად აღნიშნულისა, მ. გვარამიამ და რ. ლაზარიამ, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მძიმე დანაშაულის შესახებ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. კერძოდ:
2005 წლის 04 თებერვალს, მამუკა გვარამიამ მოწმის სახით დაკითხა ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია. ჩვენებაში დაფიქსირდა, რომ თითქოსდა 2005 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 23:50 საათზე, მ. ძაძამიამ ქ. თბილისში, სააკაძის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ზ. ჟვანიას მითითებით შეიძინა: ერთი ბოთლი კონიაკი "ძალიან ძველი", "ნიკორას" ფირმის სოსისი, ძეხვი, ორი ბოთლი ნატურალური წვენი, რის შემდეგაც მივიდნენ ქ. თბილისში, საბურთალოს ქუჩა #53ა-ში მდებარე ბინაში.
მას შემდეგ, რაც შემთხვევით გამოძიებისთვის ზ. ჟვანიას ოჯახის წევრებისგან ცნობილი გახდა, რომ სააკაძის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტი მუშაობდა 22:00 საათამდე და შესაბამისად ძაძამია ვერ შეიძენდა ჩვენებაში დაფიქსირებულ პროდუქციას, მამუკა გვარამიამ, 2005 წლის 10 თებერვალს დამატებით დაკითხა მიხეილ ძაძამია და ჩვენებაში დააფიქსირა, რომ თითქოსდა 2005 წლის 2 თებერვალს სასმელი და პროდუქტები შეიძინა არა სააკაძის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტში, არამედ საბურთალოს #37ა-ში მდებარე სადღეღამისო სუპერმარკეტ "ლილე"-ში.
მიხეილ ძაძამიას მიერ შემთხვევის ადგილზე სასმელისა და საკვები პროდუქტების მიტანის ფაქტის მეტი დამაჯერებლობისთვის მამუკა გვარამიამ, როსტომ ლაზარიასთან ერთად, შეადგინა ყალბი დათვალიერების ოქმი და გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის ყალბი ამონაწერი მასზედ, რომ თითქოსდა მათ 2005 წლის 11 თებერვალს თბილისში, საბურთალოს ქუჩა N37ა-ში მდებარე სადღეღამისო სუპერმარკეტ "ლილე"-ში მოახდინეს გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის დათვალიერება და დათვალიერების ოქმს დაურთეს რეალიზებული პროდუქციის ამსახველი ამონაწერი, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა თითქოსდა ხელმოწერით დაადასტურეს სუპერმარკეტის თანამშრომლებმა. დათვალიერების ოქმში და გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის ამონაწერში მამუკა გვარამიამ და როსტომ ლაზარიამ დააფიქსირეს ზუსტად იმავე კოდის მქონე სასმელი და საკვები პროდუქტები, რომელებიც აღმოჩენილი იქნა შემთხვევის ადგილზე. მ. გვარამიამ და რ. ლაზარიამ იცოდნენ რა, რომ სუპერმარკეტ "ლილე"-ს კომპიუტერულ ბაზაში არ იყო დაფიქსირებული მიხეილ ძაძამიას ჩვენებაში აღწერილი და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი სასმელი და საკვები პროდუქტები, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ ასახეს სუპერმარკეტ "ლილე"-ში გაყიდული პროდუქციის ამსახველ კომპიუტერულ ბაზაში არსებული რეალური მონაცემები და მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. აღნიშნული დადასტურებულია გამოძიების პროცესში ჩატარებული ექსპერტიზითა და სუპერმარკეტის თანამშრომლების დაკითხვებით.
გაყალბებული ოქმი და ამონაწერი, როგორც საქმის მტკიცებულება, მამუკა გვარამიამ და როსტომ ლაზარიამ მოათავსეს ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რითაც გამყარებული იქნა იმჟამად პროკურატურის მიერ გაცხადებული ვერსია, რომლის თანახმადაც ბინაში, სადაც ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გვამები იქნა აღმოჩენილი, მაგიდაზე გაშლილი იყო სუფრა, ხოლო სუფრაზე მოთავსებული იყო ის სასმელები და პროდუქტები, რომლებიც ჩამოთვლილია სუპერმარკეტ ,,ლილეს"" რეალიზებული პროდუქციის გაყალბებულ ამონაწერში.
მ. გვარამიასა და რ. ლაზარიას ქმედებამ გამოიწვია მძიმე შედეგი. კერძოდ: შემთხვევის ადგილის ფაქტობრივი მდგომარეობის განზრაზ დამახინჯებით ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებას, შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
2015 წლის 29 იანვარს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ.გვარამიასა და რ.ლაზარიას დაკავების შესახებ განჩინების მიღების თობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.
მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით.
2015 წლის 4 თებერვალს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულების მ.გვარამიასა და რ.ლაზარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.