ერთი საინტერესო ამბავი მინდა გიამბოთ: გაგანია ნაციონალობის დროს, როცა ახალციხეში გრანდიოზული მუშაობა მიმდინარეობდა ახალციხის და მისი შემოგარენის რეაბილიტაციაზე, ერთ მოხუც და-ძმას (გვარად აკოფიანებს) ძველი მამაპაპური სახლი დაუნგრიეს, იმ იმედით, რომ მის ადგილზე ახალ შენობას დადგამდნენ და გარკვეულ ნაწილს მათ დაუთმობდნენ. ახალი შენობისთვის რამდენიმე პროექტი შემუშავდა და საბოლოოდ გარკვეული მიზეზების გამო, ამ ადგილას დროებით ავტოსადგომი განთავსდა.
ეს "დროებითობა" დროში გაიწელა, მოხუცები კი წლების განმავლობაში მუნიციციპალიტეტის მიერ დაქირავებულ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თუ ცენტრალურ მთავრობას თავიანთი გასაჭირზე.
მე დავინტერესდი ამ საქმის დეტალებით და ფრიად საინტერესო ამბები აღმოვაჩინე, თურმე ოფიციალურად არანაირი ხელშეკრულება ადგილობრივ ხელისუფლებასა და ამ პიროვნებებს შორის არ გაფორმებულა, ყველა ზემოხსენებული შეთანხმება მხოლოდ სიტყვიერი ყოფილა. ვინაიდან სახლის აშენება არ მოხერხდა, ადგილობრივი ხელისუფლება ნაციონალების დროს, კომპენსაციის სახით მათ სთავაზობდა 50 000 ლარს (28-30 ათასი აშშ დოლარი) ან სხვა საცხოვრებელ სახლს ქალაქის სხვა უბანში, რომელსაც თვითონ აირჩევდნენ (დაახლოებით ამ თანხაში), მოლაპარაკების პროცესში ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, მოხუცებმა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც დაიწყეს საუბარი კომპენსაციაზე.
ვინაიდან, არ არსებობდა შენობის დანგრევის შესახებ ურთიერთშეთანხმების არანაირი დოკუმენტი და არც განადგურებული ქონების შეფასების აქტი, ამიტომ ვერც ახალმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო კომპენსაციის გაცემა, მეპატრონეები კი ითხოვდნენ დაახლოებით იმ თანხის მიცემას, რასაც მათ ,ნაციონალები" შეპირდნენ. მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე,სრული დოკუმენტაციის არარსებობის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ გარისკა საქმე ბოლომდე მიეყვანა.
2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ახალციხის თვირთმმართველობაში ახალი ხალხი მოვიდა, რომლებმაც მყისიერად მოაგვარეს ეს პრობლემა და საქმის ყოველგვარი სამართლებრივი განსჯის და შესწავლის გარეშე 2014 წლის 8 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება და სასწრაფო წესით, ამავე წლის 17 დეკემბერს "ლიბერთი ბანკში" გახსნილ ანგარიშზე მოქალაქე სარქის აკოფიანზე ბიუჯეტიდან ჩაირიცხა თანხა, არც მეტი და არც ნაკლები 150 000 ლარი, რომელიც მაშინდელი კურსით 80 000 აშშ დოლარზე მეტი იყო. ხალხში ისიც ცნობილია, რომ "შუამავალი" ამ მოხუცებსა და ადგილობრივ მთავრობას შორის იყო მათი მეზობელი, სუს-ის ყოფილი უფროსის დავით ლომიძის მეგობარი, ამავე მხარის გუბერნატორ, აკაკი მაჭუტაძის ახლობელი, რომლის გვარსაც ალბათ დაასახელებს დაინტერესების შემთხვევაში. ამ საქმეში ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალაქის მერს გია კოპაძეს, რომლის უშუალო პასუხისმგებლობითაც მოხდა ამ თანხის ბიჯეტიდან გაცემა.
ყოველივე ეს მოსახლეობაში ბადებს სამართლიან ეჭვს ხომ არ ჰქონდა ადგილი ფინანსურ მაქინაციებს, ჩემი აზრით ეჭვი არც თუ უსაფუძვლოა!
საინტერესოა, თუ მოუყვა ეს ამბავი გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ პრემიერს ი. ღარიბაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე?
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბიუჯეტის ფულის უყაირათო ხარჯვა დაამკვიდრა დღევანდელმა ხელისუფლებამ, თუ ეს ასე არ არის, რატომ არ რეაგირებს ამგვარ დარღვევებზე და რატომ ხუჭავს თვალს?