რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რადიო " ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის პრობლემა, რომელიც არის მუდმივად ჩვენი ყურადღების ქვეშ, ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ყველგან, ეს იქნება მრავალმხირვი თუ ორმხირვი შეხვედა. ამას ემატება კიდევ ის, რომ რუსეთის აგრესიული ნაბიჯები გრძელდება; რაც შეეხება მავთულხლართების გავლებას, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სწორედ ეს ხელშეკრულებები არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც რეალურად არის ძალიან სერიოზული საფრთხე რეგიონალური უსაფრთხოებისთვის. ამაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორები და ეს არის რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის, NATO-ს, ევროკავშირის ევროპის საბჭოს და ყველა მნიშვნელოვანი ფორმატის, რომელსაც საქართველო მაქსიმალურად იყენებს და რომელზე მუშაობაც არის ჩვენი ყოველდღიური ყურადღების საგანი", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
იყო გარკვეული გაუგებრობები, მაგრამ მე არ მითქვამს, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგი უნდა შეწყდეს.
"იყო გაუგებრობები ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ის არ მიგულისხმია, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგი უნდა შეწყდეს. საკითხი ეხებოდა იმ პაუზას, რომელიც ჩამოყალიბდა აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ორგნიზების ფარგლებში, იმიტომ რომ შემოდგომის შემდეგ შეხვედრა არ ყოფილა, რადგან სწორედ ნოემბერში ამ ე.წ. ხელმოწერამ ძალიან ცუდი ფონი შექმნა ამ შეხვედრისთვის, მაგრამ ზოგადად, რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. პარალელურად ყველა სხვა ქმედებებისა, მსოფლიოს ყველა ქვეყანა, ყველა ჩვენი პარტნიორი ეძებს დიალოგის გზებს. ამ დიალოგის ფონი იქნება რთული, მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ყველა შესაძლებლობა იქნას გამოყენებული. საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ კონფლიქტის დარეგულირების გზა არის მხოლოდ მშვიდობიანი, შესაბამისად, ყველა მეთოდი გამოყენებული იქნება, რომელიც ამ მიზანს მოემსახურება", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.