,,სახალხო პარტია" პროტესტს აცხადებს მთავრობის გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების - გაზის ტარიფის კომერციული სექტორისათვის გაზრდის გამო, რაც გაახმოვანა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვინმე მ. ვალიშვილმა, ქალბატონმა რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც ამ პოლიტიკურ თანამდებობაზე იყო მოკალათებული.
ქალბატონის განცხადებით, ეს ცვლილება მოხდება აპრილის თვიდან და მიზეზად ლარის კურსის ვარდნა დაასახელა. ანუ, მინისტრის მოადგილემ წინასწარ დაანონსა ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება, რაც სახელმწიფო დანაშაულია. ამასთანავე, მისი ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებასთან.
საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ლარის 13%-იანი გაუფასურებამ არ უნდა გამოიწვიოს გაზის ფასის 20%-იანი ზრდა. მით უმეტესს, რომ ჩვენს მიერ მოხმარებული გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრანზიტებისა და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებით უფასოა. აგრეთვე, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ამავე ხელშეკრულებებით შეღავათიანი ფასით მოგვეწოდება.
,,სახალხო პარტია" მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს, და ენერგეტიკის მინისტრს, ნუ ამოეფარებიან ქალბატონი მ. ვალიშვილის ზურგს (რომელიც, როგორც ჩანს, ნაცმოძრაობის ხელისუფლებიდან მემკვიდრეობითობის პოლიტიკის უზრუნველსაყოფად გადმოიყოლეს და თან საზოგადოების თვალში არაპოპულარული თემების განცხადების გაკეთების ფუნქციაც შეუთავსეს). კარგად გაერკვნენ რისთვის არსებობს, ჩვენთვის საკმაოდ ძვირად შესანახი მარეგულირებელი კომისია (შენახვის ხარჯებს იხდის მოსახლეობა და შესაბამისად, აისახება ტარიფებში), რომელიც იხილავს იმპორტიორი ორგანიზაციების წარდგენილ წინადადებებს და გამოაქვს მთავრობისგან დამოუკიდებელი არგუმენტირებული გადაწყვეტილება. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის (არც მინისტრის და პრემიერისაც კი) კომპეტენციაში არ შედის ტარიფის ასე უაპელაციოდ დადგენა.
კომერციულ სექტორში გაზის გაძვირება პირდაპირპროპორციულია მოსახლეობის ძირითადი საკვებისა და მომსახურების ფასების ზრდასთან. ,,სახალხო პარტია" მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას მოსახლეობის ინტერესები, ნუ დაამძიმებენ, ისედაც დაძაბულ სოციალურ ფონს და ნუ გადააქცევენ მასსა და საზოგადოებას შორის არსებულ ნაპრალს უფსკრულად.
გაითვალისწინეთ, რომ, სწორედ მსგავსი ქმედებების ერთობლიობა აგროვებს მოსახლეობაში უკმაყოფილების და აგრესიის მუხტს, რაც შემდეგ ცუდად მთავრდება ქვეყნისთვის და გამანადგურებლად ხელისუფლებისთვის!