საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "არგუმენტი" ავრცელებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული "არგუმენტთან" საუბარში აცხადებს, ივანიშვილს პროკურატურა იური ვაზაგაშვილის საქმეზე რამდენიმე დღეში დაკითხავს.
სანდო წყაროს თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები მის დაკითხვას პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებენ და "პიარს გაიკეთებენ".
"ივანიშვილს დაკითხავენ ან ამ კვირის ბოლოსთვის ან შემდეგი კვირის დასაწყისში. ჯერ თარიღი პროკურატურას არ აქვს დაზუსტებული. როგორც გავიგე დაკითხვის მიზანი არა რაიმე ინფორმაციის მიღება, არამედ ჩვეულებრივი პიარის გაკეთებაა, თითქოსდა ეს ხელისუფლება დემოკრატიულია და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაკითხვაზე იბარებს. მოგეხსენებათ მის დაკითხვაზე დაბარებას დიდი რეზონანსი მოჰყვება ქართულ და არამხოლოდ ქართულ მედია საშუალებებში", – აცხადებს წყარო "არგუმენტთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და იგი ითხოვდა იმ თანამდებობის პირების გადაყენებას, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან გარეული.
ივანიშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილი ამბობდა, რომ უკრაინაში გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს და ამით ძალიან გახარებული იყო.
"ძალიან ვინერვიულე, ისეთი დეტალები მითხრა და აქეთ მამშვიდებდა. რამდენიმე დღეში კიდევ უნდა შევხვედროდი", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.