საზოგადოებაში მოარული ხმები, რომ „ნეციონალებთან“ კოჰაბიტაცია დღევანდელ ხელისუფლებას ამერიკელებმა დაავალდებულეს, გოგა ხაინდრავამ პირდაპირ გააშიშვლა: მან ქართული მედიის წინაშე ღიად განაცხადა, რომ კოჰაბიტაცია „ქართული ოცნების“ არჩევანი კი არ იყო, არამედ იგი ამერიკელებმა დაავალეს ხელისუფლებას და თან დაემუქრნენ - „თუ „ნაცებს“ თითს დააკარებთ, ხელებს დაგამტვრევთ, ბლოკადაში მოგაქცევთ და შიმშილით სულს ამოგხდითო!“
ცხადია, ამ სიტყვების ავტორს სერიოზული გათვლები უნდა ჰქონდეს, თორემ ზესახელმწიფოს ასე უცერემონიოდ „ჩაშვება“, საკმაოდ დიდ რისკს უკავშირდება.
საქმე იმაშია, რომ ხაინდრავას „აღსარება“ კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებაშუ ფეხმოკიდებულ ანტიამერიკულ განწყობას და სერიოზული დაფიქრების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს!
რა გამოდის? ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, რომელიც თავისი „მეფისნაცვლის“ ძალისხმევით ფაქტიურად ქმნის ქართულ პოლიტიკას, ხელს აფარებს იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც თვითონ მოიყვანა ხელისუფლებაში და ვინაც 9-წლიანი ჯოჯოხეთი მოუწყო საქართველოს (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით)!
სამწუხაროდ, ახლაც გამოხტებიან ოპონენტები და ისევ აყაყანდებიან, რომ ჩვენი ხსნა „ევროპულ ღირებულებებშია“, იმ ევროგაერთიანებაშია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ამერიკის მძევალია!..
ასევე სამწუხაროდ, ჩვენი ცნობიერება დღემდე გვიშლის ხელს ქართული საქმის კეთებაში _ იმდენადაა ჩატეხილი ხიდი პროდასავლურად (პროამერიკულად) და პრორუსულად მოაზროვნე ადამიანებს შორის. პროქართულად (თუმცა, ქართულს პრო არ სჭირდება) მოაზროვნეების ადგილი არ რჩება!
დასანანია ისიც, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალს ვერ ვპოულობთ და ისევ ლამაზ-ლამაზი დაპირებებით ვიკვებებით _ ყურადღება დეტალებზე გადაგვაქვს და განზე გვრჩება ის არსებითი პრობლემები, რომელიც საქართველოს ყოფნა-არყოფნას განსაზღვრავს...
და მაინც, გოგა ხაინდრავას რომ დავუბრუნდეთ _ საინტერესოა, ვის ბოსტანში ისროლა მან ქვა, ვისი დავალებით და ამით ამ ხელისუფლებას მოწმინდა პირი თუ პირიქით, ხელ-ფეხი გაუხსნა მას ახალი პოლიტიკური ვექტორის ასარჩევად?!