უმჯობესია ზაქარია ქუცნასვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყოს, ვიდრე პოლიტიკოსი, განცხადება ამის შესახებ უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "კვირას" პრესკლუბში გააკეთა.
"გულწრფელად რომ გითხრათ, მე ზაქარია ქუცნაშვილი უფრო უზენაესის თავმჯდომარედ წარმომიდგენია, ვიდრე პოლიტიკაში", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილს ყველა ის პიროვნული და პროფესიული მახასიათებელი გააჩნია, რაც სასურველია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გააჩნდეს.
"ზაქარია ქუცნაშვილს პოლიტიკური მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. ის იყო სრულიად ახალგაზრდა, როდესაც სოციალისტური პარტიის რიგებიდან საქართველოს პარლამენტში შევიდა. როგორც პიროვნებას და იურისტს, დიდ პატივს ვცემ. ვიცი მისი რესურსი და შესაძლებლობები და, დამერწმუნეთ, რომ ბატონი ზაქარია გაცილებით უკეთესი მოსამართლე იქნებოდა, ვიდრე დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ეძლევა მას შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი რესურსი. თუმცა კონცეპტუალურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თანამედროვე ეპოქაში კმარა, დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოში პოლიტიკოსების ხილვით დავიღალეთ. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური წრეებიდან წამოსული არ უნდა იყოს",- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტს თავის გარემოცვაში სერიოზული კადრები ჰყავს, ვინც აკადემიური წრის წარმომადგენელია.
"პრეზიდენტს თავის გარემოცვაში სერიოზული კადრები ჰყავს. მათ შორისაა ბატონი დავით პატარაია, რომელიც ძალიან ღირსეული კანდიდატია. ის აკადემიური წრის სწორედ ის წარმომადგენელია, რომელიც უზენაესის თავმჯდომარის პოსტის დაკავების ღირსი ნამდვილად იქნებოდა", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.