ივერიონი / გასაყიდად გამზადებული საქართველო და კანონი, რომელმაც ხალხი ქუჩაში უნდა გამოიყვანოს!

გასაყიდად გამზადებული საქართველო და კანონი, რომელმაც ხალხი ქუჩაში უნდა გამოიყვანოს!

პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა „ივერიონში“ დაბეჭდილ სტატიაში „ლეოპოლდის სინდრომი საქართველოში და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული დილემა“ გააშიშვლა დღევანდელი ხელისუფლების ავატიურისტული ჩანაფიქრი და საზოგადოებას განგაშის ზარის დარისხებისკენ მოუწოდა.

 

მკითხველს შევახსენებთ, რომ სტატიაში საუბარია კანონპროექტზე (რომელიც 2014 წლის 29 დეკემბერს შესულა საქართველოს პარლამენტში. დააკვირდით: 29 დეკემბერს - წინასაახალწლო განწყობის დღეებში), „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც თუ პირდაპირ ვიტყვით, საქართველოს გაყიდვის ტოლფას დოკუმენტად შეიძლება იქცეს.

 

საქმე ეხება ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას, უფრო სწორად, შეუზღუდავად გაყიდვას, რომელიც აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას მიწის გარეშე დატოვებს!

 

დიახ, როგორც ზემოთაღნიშნული სტატიის ავტორი წერს, მალე საქართველოს ეყოლება უმიწოდ დარჩენილი გლეხები, რომლებსაც ან სიღატაკეში ამოხდებათ სული, ან გაქცეული თანამოქალაქეების მსგავსად, ისინიც „შვებას“ უცხო მიწაზე იგრძნობენ.

 

ვეთანხმები ავტორს იმაშიც, რომ ამ კანონპროექტის მიღება კატასტროფა იქნება საქართველოსთვის იმდენად, რამდენადაც დღემდე არ მომხდარა მიწის ხელახალი რეგისტრაცია - არ არის აღრიცხული რამდენია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები, არ არსებობს მიწის კოდექსი, რომელიც მიწასთან დაკავშირებულ პრობლემებს ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს!

 

დააკვირდით: მიწის ყიდვის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. ამასთან, აღნიშნული კანონპროექტი მიწის შეუზღუდავად შეძენის უფლებას აძლევს კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომელთა უკან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ან საერთაშორისო კორპორაციები დგანან (სწორად მიანიშნებს ავტორი, რომ უახლოეს პერიოდში ადვილად შესაძლებელია კომერციული ბანკები „მსხვილ მიწათმფლობელებად“ იქცნენ, რადგან, ამ შემთხვევაშიც იგივე განმეორდება, რაც ბინის მესაკუთრეებთან მიმართებაში მოხდა, როცა კრედიტის გადაუხდელობის გამო ათასობით თანამოქალაქე ბინიდან გამოასახლეს).

 

სპეციალისტთა აზრით, მიწა შეიძლება უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდეს, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი სასოფლო-სამეურნეო პროფილის ორგანიზაციას აფუძნებს და აქ დამზადებული პროდუქცია ისევ საქართველოს ინტერესებს მოხმარდება!

 

აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უცხოელები საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე თავს არ მოიკლავენ და მათ მიერ შეძენილი ქართული მიწა მამასისხლად ისევ ქართველების გამოსასყიდი იქნება, ან უბრალოდ, „დაკონსერვდება“!

 

ლოგიკურად ისმება კითხვა: ვინ აიძულა საქართველოს მთავრობა მოემზადებინა ასეთი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი და ჩვენი ბედოვლათი კანონმდებლებისთვის „შეეცურებინა“?!

 

 

უცხოტომელთა ხუშტურებზე დაგეშილი მთავრობა და

ანტიქართულ კანონებზე ხელის ამწევი პარლამენტი!

 

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ დღევანდელმა კანონმდებლებმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით სააკაშვილისდროინდელ პარლამენტს ანტიქართული კანონებით  აშკარად გაუსწრეს. ამის საილუსტრაციოდ, თუნდაც ანტიდიკრიმინაციული კანონის მიღებაც კმარა, რომელიც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, გრიალ-გრიალით გავიდა!

 

ქართველობაზე პრეტენზიის მქონე ზოგიერთი პარლამენტარი მაშინ თავს იმით იმართლებდა, რომ ეს ერთი „უწყინარი“ დოკუმენტია, რომელიც ქართველ ერს არანაირ საშიშროებას არ უქადის - საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებებს, მაგრამ ეს ევროკავშირმა (უფრო სწორად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ) დაგვავალდებულა და ჩვენც ხელი ავუწიეთო.

 

მახსოვს ამ კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებით აღშფოთებული ლევან ვასაძე როგორ იმუქრებოდა, თუ ამ კანონს მიიღებთ, პარლამენტში შევვარდებით და იქიდან გამოგათრევთო, მაგრამ კანონის მიღებისთანავე ვასაძის ემოციები დაცხრა და ჩვენც პირში წყალი ჩავიგუბეთ!

 

რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ზოგიერთი სხვა კანონისგან განსხვავებით, იგი თავის საქმეს ნამდვილად აკეთებს _ უფრო ფართო გასაქანი მიეცა აღვირახსნილობას (განსაკუთრებით ტელემედიაში და სოციალურ ქსელებში), ხოლო ჩვენი რეაქცია უზნეობის მიმართ უფრო და უფრო მოზომილი გახდა - გაჩნდა შიში, რომ აქტიური პროტესტის შემთხვევაში ანტიდისკრიმინაციული კანონის მოთხოვნები არ გამოიყენონ!

 

სხვათაშორის, ამ კანონის გამოძახილი იყო ე.წ. კაზანტიპის ფესტივალიც, რომელმაც ღვთის განგებით, ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდა საქართველოში, თუმცა, ჯერჯერობით!

 

საქართველოს პარლამენტმა არათუ ხელი შეუშალა მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას, არამედ საკუთარი პოზიცია არც დააფიქსირა საყდრისის თემასთან დაკავშირებით და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის უცხოა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომა!

 

ახლა, რაც შეეხება ზემოთხსენებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოელებზე მიწის შეუზღუდავად მიყიდვას ითვალისწინებს, არა მგონია, პარლამენტში არსებითი წინააღმდეგობა შეხვდეს - ქართველი კანონმდებლები აუკანკალებლად აუწევენ ხელს ქართული მიწების უცერემონიოდ უცხოელებზე გასხვისებას (რაც საქართველოს გასხვისების ტოლფასია!) და ამასაც ევროკავშირთან ასოცირებაზე ხელშეკრულების ხელმოწერის ვალდებულებით ახსნიან!

 

თუ ერი და ბერი ერთსულ და ერთხორც არ შეიკრა და კბილებით არ დაიცვა საკუთარი ქართული მიწა, მიწა, რომელზეც ოდითგანვე ჩვენს წინაპრებს უცხოვრიათ და მომავალმა თაობებმაც უნდა იცხოვრონ, მიწა, რომელიც ერთი ჭეშმარიტი თანამოქალაქის თქმისა არ იყოს, ჩვენი სასაფლაოა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანას სასიკვდილო განაჩენი ჩვენვე გამოვუტანეთ, რასაც უფალი არ გვაპატიებს!

 

ახლა ხშირად საუბრობენ, რომ საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა ხელისუფლება გაიწმინდოს შადიმანებისგან და საკუთარ კომფორტზე დახარბებული მედროვეებისგან და ამისთვის სხვადასხვა მიზეზს იგონებენ.

 

მე კი ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ განგაშის ზარი სწორედ ამ ანტიქართული კანონპროექტის გამო უნდა დაარისხოს - გამოვიდეს ქუჩაში და ჩვენს ბედოვლათ კანონმდებლებს კანონპროექტის დაბლოკვა მოსთხოვოს, ან ქეჩოში ჩაჭიდოს ხელი და კუდიგორის გზას გაუყენოს!

 

სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვრჩება!

 

 

როცა ჩვენი „პოლიტშუქურები“ დირეს და ბეწვს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ!

 

საზოგადოებამ გადაჭარბებულად შეაფასა 31 ინავრის აქცია, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგის ფონზე მიმდინარეობდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ტრაგიკულად (მხეცურად) დაღუპული ახალგაზრდების სულები - დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ და საკადრისადაც დაისაჯონ, მაგრამ სამართლიანობა ქვეყანაში მხოლოდ ამით არ დამკვიდრდება, არც უკანონოდ ქონებაწართმეულთათვის ქონების უპირობოდ დაბრუნება იქნება სამართლიანობის დამკვიდრების გარანტი.

 

სამართლიანობა ზოგადი ცნებაა და იგი მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, თვით ადამიანებს შორის მოწესრიგებული, ცივილიზებული ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს - რაც მთავარია, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით!

 

აქედან გამომდინარე, დღევანდელმა „პოლიტშუქურებმა“ დირესა და ბეწვს შორის განსხვავება უნდა დაინახონ და მთავრობის ანტიქართული პოლიტიკით უკმაყოფილო საზოგადოების ენერგია სწორედ გლობალური (ერისთვის სასიცოცხლო) პრობლემების გადასაჭრელად უნდა მიმართონ - თუ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ და სხვა პოლიტდაჯგუფებებს ხელისუფლების ჩანაცვლების, ან უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია უჩნდებათ _ ჰა ბურთი და ჰა მოედანი - ააგორონ საპროტესტო მუხტი და აიძულონ ხელისუფლება ხელი აიღოს ანტიქართულ განზრახვაზე - მუქთად ჩაუგდოს უცხოტომელებს ქართული, ჩვენი წინაპრების სისხლის ფასად ნალოლიავები მიწა და ისედაც, ჩვენი უგუნურობით დამცრობილი ქვეყანა საერთოდ გაქრობის საფრთხის წინაშე არ დავაყენოთ!

 

ამ შემთხვევაში არ ჭრის მავანთა და მავანთა ცინიზმით გაჟღენთილი რიტორიკა _ უცხოელები ქართულ მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენო? „მოიკიდებენ“ და მერე როგორ _ უცხო მიწაზე მოსიარულეს გაგხდიან საკუთარ სამშობლოში!

 

თუ ეს არ გაითავისეს ღრმადპატივცემულმა „პოლიტშუქურებმა“ გამოდის, რომ  მათი რიტორიკა „ტრადიციულ“ ფარისევლობას არ სცილდება და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებით ტკბობას ისახავს მიზნად!..

 

ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებენ ისინი, თუმცა, დრო არ ითმენს.

 

P.S. სტატიაში „ლეოპოლდის აჩრდილი საქართველოში და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული დილემა“ ბ-ნი მიხეილ ჯიბუტი წერს, რომ დღევანდელი კანონმდებლები მზად არიან მოძებნონ ახალი ლეოპოლდები, რომლებიც ჩალის ფასად იყიდიან ქართულ მიწას, ანუ ჩალის ფასად გაყიდიან საქართველოს!

 

ამასთან, ავტორმა გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, რომ მოაშოროს ლეოპოლდის აჩრდილი საქართველოს, ან გაიზიაროს ქართველი ერის ტრაგიკული ხვედრი!

 

საეჭვო არ არის, რომ, თუ ერმა არ იხუვლა და „კეისარს კეისრისა“ არ მიუზღო, ჩვენი „ნებიერა“ (მორჩილი) პარლამენტარები აღნიშნულ კანონპროექტსაც ხელს მშვიდად აუწევენ და ამით ბეჭედს დაუსვამენ საკუთარ ანტიქართველობას. თუმცა, მათვის „მოღალატის“ იარლიყის მიკერება გაფუჭებულ საქმეს ნამდვილად არ უშველის!

 

მე პირველი გამოვალ ქუჩაში, რომ ვიყვირო - შეჩერდით! მაგრამ, ბანი თუ არ იქნება, საქმეს მაინც არ ეშველება!..

 

ვინ იქნება შემდეგი?!

 

ზაურ ნაჭყებია

6-02-2015, 14:20
უკან დაბრუნება