გაზეთი "ქრონიკა" დახურულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მკვლელი აუცილებლად კასპის რაიონიდან იქნებოდა, ვინაიდან სოფელი ყარაფილა კონფლიქტურ წერტილს მიეკუთვნება და იქ სასაზღვრო პოლიცია 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს.
"აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი, რომ 19 იანვარს, სოფელში შუქი გათიშული იყო და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იმ ორი დღის განმავლობაში კასპში შუქი შემთხვევით არ გათიშულა და ეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ოპერაციის შემადგენელი ნაწილი იყო და ამ ვერსიაზე პროკურატურაც მუშაობს და მალე გახდება ცნობილი, თუ ვინ გათიშა ელექტროენერგია 19 იანვარს" – წერს გაზეთი.
გამოცემა ყურადღებას კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს, კერძოდ, საიდან დაადგინა პროკურატურამ, რომ მაინცდამაინც სოსანაშვილი იმყოფებოდა სასაფლაოზე და რატომ მოხვდა ეს ადამიანი ეჭვმიტანილთა ფართო წრეში?
გაზეთის ანონიმი წყაროს ინფორმაციით, 19 იანვარს დაახლოებით პირველ საათზე, როცა ყარაფილაში შუქი გათიშული იყო, გია სოსანაშვილი კასპიდან ავტომობილით ჩავიდა, მანქანა კი სასაფლაოსგან მოშორებით გააჩერა.
ამ სოფლის სასაფლაოზე მისი მეგობრები განისვენებენ და დაზღვევის მიზნით, თუ ვინმეს გზად გადაეყრებოდა ეტყოდა, რომ მეგობრის სასაფლაოზე მიდიოდა, თუმცა სოსანაშვილი ისე მისულა სასაფლაოზე, რომ პირდაპირ არავის შეხვედრია, არც საპატრულო შეხვედრია.
სავარაუდოდ, იმ დროს პატრულირებას სოფლის სხვა მხარეს ახორციელებდნენ. სოსანაშვილი სასაფლაოზე მოკლე გზით ასულა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ღამე იყო, რამდენიმე ადგილობრივს შეუმჩნევია სოფლის სასაფლაოსკენ მიმავალი ადამიანი, მაგრამ შორი მანძილის გამო ამოცნობა ვერ შეძლეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, გამოძიებამ სოსანაშვილი-ფირცხალავას მიმოწერა ამოიღო, რომელიც ვაზაგაშვილის მკვლელობამდე განხორციელდა, აღსანიშნავია რომ ტექსტი დაშიფრული იყო და მისი გაშიფვრა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
წყაროს ცნობით, გამოძიება სოსანაშვილით თავიდანვე დაინტერესდა და ის ეჭვმიტანილთა წრეში იმთავითვე მოხვდა.
გამოძიებას ირაკლი ფირცხალავას მობილური ტელეფონის ნომრები კონტროლზე ჰყავდა აყვანილი , მათ შორის ერთ-ერთი ნომრით, ფირცხალავა არავის არ ესაუბრებოდა და მხოლოდ მესიჯებს წერდა და ასევე მასაც მხოლოდ მესიჯებს უგზავნიდნენ.
ეს ნომერი ფირცხალავას სახელზე არ ყოფილა გაფორმებული , შსს-ს ერთ-ერთ მოქმედ თანამშრომელს ეკუთვნოდა.