იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის დამადასტურებელ ალიბზე "კვირას" პრესკლუბში ისაუბრა.
ადვოკატმა საფლავზე წინა დღით ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების შესაძლებლობა გამორიცხა.
"გვაქვს მტკიცებულებები, რაც შეგვიძლია სახელმწიფო ბრალდებას დავუპირისპიროთ, თუმცა ჯერჯერობით ამის საჯაროდ გახმაურებისგან თავს შევიკავებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ყარაფილაში 19 იანვრამდე არ ჩასულა, იმ პერიოდში კი, როდესაც აფეთქება მოხდა კასპის სახაშეში იმყოფებოდა. მე დღეს შევდივარ გია სოსანაშვილთან, დნმ-ის შესახებაც იქნება საუბარი. შევეცდებით, შეჯიბრების პრინციპიდან გამომდინარე, დავამტკიცოთ გია სოსანაშვილის უდანაშაულობა.
ასაფეთქებელი საყვავილეში არ ყოფილა. ეს იმ ფილის ქვეშ დაამონტაჟეს, სადაც იური ვაზაგაშვილს უნდა გაევლო. ეს დილეტანტის გაკეთებულია და ამას ადასტურებს ისიც, რომ შეიძლებოდა იქ ვაზაგაშვილის ნაცვლად ვინმე სხვაც მისულიყო. ის ჩავიდა 19-ში, გარდაცვლილის ოჯახს ორ სხვა პოლიციელთან ერთად მიუსამძიმრა. ისინი დაადასტურებენ იმ გარემოებას, თუ სად იყვნენ, რამდენი ხანი დაჰყვეს ერთად. 19-ში, 18:00-19:00 საათზე, ახლობლების თხოვნით, ზურა ვაზაგაშვილის საფლავი დაალაგეს. ის ამ დროისთვის არ ყოფილა დანაღმული. საინტერესო და ყურადღება მისაქცევია ერთი დეტალიც, იური ვაზაგაშვილი ყველაზე ადრე მიდიოდა დაკრძალვაზე, რომ შვილის საფლავზეც მისულიყო. იმ დღეს გამოსვენების დრო შეიცვალა და 14:00 საათის ნაცვლად მიცვალებული 13:15 საათზე გამოასვენეს",- აღნიშნა სოსო ჯოგლიძემ.