ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრები 2005 წლის 3 თებერვლის მოვლენების სრული სურათის აღდგენას სასამართლო პროცესზე გეგმავენ.
მანამდე კი მათი ადვოკატები ფედერალური ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის გასაჯაროვებას ითხოვენ, რომელიც FBI-მ 10 წლის წინ დაწერა. მასში დეტალურადაა აღწერილი შემთხვევის ადგილი, ასევე ყველა ნივთი და ნივთიერება, რომელიც იქ აღმოაჩინეს. მასალებში ასევე საუბარია დნმ-ის კვლევაზეც.
ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა, ამბობს, რომ FBI-ის დასკვნიდან გამომდინარე, ყოფილმა ხელისუფლებამ, ზურაბ ჟვანიას ოჯახთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება საქმისთვის "საიდუმლო" გრიფის მინიჭების შესახებ.
ის, რომ ფედერალური ბიუროს მასალები მისთვის ნაცნობი იყო, გადაცემაშივე დაადასტურა ყოფილი პრემიერის ძმამ.
გოგოლა ჟვანიამ დღეს კიდევ ერთი, აქამდე უცნობი, დეტალი გაახმაურა. დეპუტატი ამტკიცებს, რომ გამათბობელი ბინაში, სადაც ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილები იპოვნეს, საერთოდ არ ჩართულა.
ზურაბ ჟვანიას ძმის განცხადებებს არ ეთანხმებიან ამ საქმეზე დაკავებული ბრალდებულების ადვოკატები.
მათი განცადებით, ყოფილი პრემიერის დაცვის წევრები, რომლებსაც გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება, საქმის გასაიდუმლოებული მასალების დეტალებზე 10-წლიანი დუმილის შემდეგ ღიად საუბარს აპირებენ.
ადვოკატები გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სრული მასალის გამოქვეყნებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, უმნიშვნელოვანესი დეტალები, რომელიც ამ დასკვნაში არსებობს, მიმდინარე საქმეებს გამოძიებამ საერთოდ არ დაურთო.
ამ თემაზე პროკურატურამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების სასამართლო პროცესი, სადაც ისინი განცხადების გაკეთებას გეგმავენ, თებერვლის ბოლოს განახლდება.