ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელებში გამოკვეთილად ნეგატიური შეფასებები მოჰყვა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიას დაკავებას. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მოტივით.
ბევრი უკვე იქამდეც მივიდა, რომ აღნიშნულ დანაშაულში კვალს თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ეძებს, რაც სრული აბსურდია!
რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ დედაქალაქის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ნარმანიას ამ კონკრეტულ სიტუაციაში დადანაშაულება ელემენტარულ ლოგიკას სცილდება.
წინასწარ არავინ იცის, ვინ რას მოიმოქმედებს და რა საცდურებზე წაუცდება ხელი - სხვა საკითხია, რამდენად გამჭვირვალეა ზოგადად დღევანდელი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა და რამდენადაა დაფუძნებული იგი კადრების პროფესიონალური ნიშნით (და არა ნეპოტიზმით) შერჩევის პრაქტიკაზე!
დანაშაულის გამართლება (მითუმეტეს, ასეთი მძიმე დანაშაულის) არ შეიძლება, მაგრამ არც ის იქნება სწორი „ნათლიმამად“ დავით ნარმანია მოვიაზროთ. გადაჭარბებული მეჩვენება იმის აფიშირება, რომ ნარმანია ბოდოკიას თანაკლასელია (ხოლო ვერ დავიჩემებ, არის თუ არა მისი თანასოფლელი), რადგან მათ შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობა არსებობს.
მეორეც, როგორც წესი, საქართველოში საკადრო პოლიტიკა ნაცნობ-მეგობართა წრეს არ სცილდება და ამ შემთხვევაშიც შეიძლება ამ „უკურნებელ სენთან“ გვქონდეს საქმე, მაგრამ ყველამ საკუთარ დანაშაულზე რომ უნდა აგოს პასუხი, ესეც ფაქტია. სხვა საკითხია, მორალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ალბათ დედაქალაქის მერიც ვერ გაექცევა!
თუ ნარმანიას გუშინდელი კომენტარებით ვიმსჯელებთ, მერია მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. სასაცილოა, როცა ზოგიერთებს ჰყოფნით სითამამე „ამტკიცონ“, რომ ბოდოკია დავით ნარმანიას დავალებით მოქმედებდა (ალბათ იმასაც იტყვიან, რომ წილში უჯდებოდა!).
რაც მოხდა ცუდია და ალბათ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ბოდოკია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა დანიშნულიყო აღნიშნულ თანამდებობაზე - გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, როცა მე ფინანსთა სამინისტროს გაზეთ „ფინანსებს“ ვხელმძღვანელობდი, ჯოკია ბოდოკია ჯერ ფინანსთა მინისტრის თანაშემწედ, ხოლო შემდეგ სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსად მუშაობდა. რამდენადაც ვიცი, შემდგომშიც თანამდებობრივად არ ყოფილა ხელმოცარული.
აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ უვიცი და გამოუცდელი დასვეს წამყვან პოზიციაზე, ამ შემთხვევაში სწორი არ იქნება!
ადრე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: არავინ იცის, ვის როდის აცდუნებს ეშმაკი, ანუ უფრო მარტივად თუ ვიტყვით, როდის გადაუტრიალდება ტვინი. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა სხვის დანაშაულზე ნაკლებად უნდა აგებდეს პასუხს, თუ მისი თანამონაწილეობა ამ დანაშაულში არ იკვეთება!..
მე დავით ნარმანიას დამცველად არ გამოვდგები - არც ამის სურვილი მაქვს და არც ვალდებულება, მაგრამ არ შეიძლება ემოციურ ფონზე ვაკეთებდეთ განცხადებას და ვერდიქტიც გამოგვქონდეს!
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, პირბადე ავიფაროთ და მერია, ან დედაქალაქის მერი არ ვაკრიტიკოთ. გასაკრიტიკებლის მეტი რა არის, ოღონდ, ყველა ჯერზე კუთხურობის სინდრომის წამოწევა არ ღირს - კონსტანტინე გამსახურდიას თქმისა არ იყოს, დიმიტრი გულიას რომ უთხრა: თავლაში რომ დაბადებულიყავი ვირი იქნებოდი?
არ გვინდა ბატონებო კუთხურობის ნიშნით ვინმეს ამოჩემება!!!
ქვეყანა ისედაც თავზე გვენგრევა და რაღა დროს ესაა... არ დაგავიწყდეთ, ნარმანია ჩვენი არჩეულია - არა აქვს მნიშვნელობა, ვისი დაკვეთით!..
ზაურ ნაჭყებია