ივერიონი / ვინ ნადირობს ღარიბაშვილის "კლანზე"?

ვინ ნადირობს ღარიბაშვილის "კლანზე"?

"ნაციონალური მოძრაობა" "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ანგარიშებიდან 2,5 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაქრობაზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ "ამ საკითხზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო ღარიბაშვილი-თამაზაშვილების კლანის წინააღმდეგ ნადირობას."

პარტიის განცხადება ჟურნალისტებს დღეს ირმა ნადირაშვილმა გააცნო.

მისი თქმით, რეგიონული სამინისტროს სსიპ-ში არსებულ კორუფციულ პროცესებზე "ნაციონალური მოძრაობა" ორი წლის წინაც ლაპარაკობდა, როდესაც მინისტრი დავით ნარმანია იყო, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ღონისძიებები არ გაატარა.

მათივე თქმით, კომპანიის ყოფილი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი სწორედ ამ კორუფციული ბრალდებების გამო არის დაკავებული.

"თამარ ფხოველიშვილი დააკავეს იმის გამო, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან უკვალოდ არის გამქრალი 2,5 მილიონი ლარი და სამართალდამცველები ეძებენ ამ ფულს. მინდა გამოვთქვა ჩემი ვარაუდი, რომ ამ ფულმა, დიდი ალბათობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თამაზაშვილების და ღარიბაშვილების ოჯახის ჯიბეში გადაინაცვლა და ამის საფუძველიც მაქვს. თამარის გარდა, დაკითხვებზე ყოველდღე დაჰყავთ ჯაბა შავგულაშვილი, რომელიც ამ კომპანიაში არის შესყიდვების სამსახურის უფროსი და ნათელმირონობა აკავშირებს ღარიბაშვილის ოჯახთან," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ამ განცხადებას დღეს უკვე გამოეხმაურა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი. დავით შავლიაშვილი კომპანიის თანამშრომლის დაკავების ფაქტს უარყოფს, მაგრამ ადასტურებს გამოძიების ფაქტს.

 

13-02-2015, 17:52
უკან დაბრუნება