გვინდა შევცვალოთ დღის წესრიგი, რმელსაც დღეს "რუსთავი 2" ადგენს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. "დიახ, მე და ჩემს გუნდს გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი შემოსვლით მედიასივრცეში გარკვეული ცვლილებები მოხდეს – კარგი და არა ცუდი. ჩვენ გვინდა და მე პირადად მაქვს პრეტენზია, რომ შევცვალოთ დღის წესრიგი, რომელსაც დღეს "რუსთავი 2" ადგენს. ეს ტელეკომპანია "ნაციოალური მოძრაობის" აგიტმანქანაა და ხაზს ვუსვამ - არანაირი პრტენზია არა მაქვს. თავის დროზე "რეალ.ტვ" იყო ჩემი "სპარინგპარტნიორი" და მე კარგად ვაჩვენებდი საზოგადოებას რეალობას. დღეს "რუსთავი 2" გაფართოებულ "რეალ.ტვ"-ს წარმოადგენს და მას სიამოვნებით გავიხდიდი "სპარინგპარტნიორად". სიცრუეს სიმართლით დავაბალანსებთ, დღის წესრიგის შეცვლას მოვახერხებთ და თუნდაც ერთი ტელეპროექტით არ მივცემთ საშუალებას, რომ საზოგადოება სიცრუესა და ვირტუალურ რეალობაში აცხოვრონ. ადრე ქმნინენ ვირტუალურ რეალობას, რომ ყველაფერი კარგად არის, დღეს კი ამტკიცებენ, თითქოს ქვეყანა იქცევა. სხვათა შორის, დღეს, როდესაც მედია უპრეცედენტოდ თავისუფალია, ამტკიცებენ, თითქოს ვიღაცას მედიის დაჩაგვრა სურს. მათ შორის ექსპერტებიც. რამდენიც უნდათ, იმდენი ილაპარაკონ. როდესაც ვამბობ, რომ ზოგიერთი ექსპერტის შეფასებები შესაძლოა, სიცრუე იყოს და ამაზე რეაგირება გვექნება, ამბობენ, როგორ ბედავსო. მედიაზე იტყვი რამეს და, არიქა, თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლააო. არადა, დღეს გვყავს მთავრობა, რომელსაც მედიასთან შეხება არა აქვს და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ეს ასეც უნდა იყოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.