"ნაციონალური მოძრაობის" წევრი , ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს ეკონომიკის რეცესიაში გადასვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ ვითარების გამოსასწორებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
"იანვარში აღინიშნა ექსპორტის 30%-იანი კლება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპორტში ვარდნის ტენდენციაა დაწყებული შარშანდელი აგვისტოდან. მათ შორის, მნიშვნელოვანი ვარდნა აღინიშნა ნოემბერში - 35%, დეკემბერში - 20% და ახლა, იანვარში - 30%.
აღსანიშნავია რომ ექსპორტი მცირდება არა მხოლოდ უშუალო მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაშიც - 2014 წელს ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა 2%-ით, ხოლო თუ ავიღებთ 2014 წლის მხოლოდ ბოლო, მეოთხე კვარტალს, ევროკავშირთან ექსპორტი შემცირებულია 31%-ით.
ალბათ რთულად მოიძებნება დედამიწაზე ხელისუფლება, რომელიც მოახერხებდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ რეგიონთან ექსპორტში ვარდნის მიღწევას.
ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჩვენს ეკონომიკას პრობლემები აქვს, რადგან რეგიონს აქვს პრობლემები, არის მცდარი ეკონომიკური ხედვების მორიგი გამოვლინება.
ევროკავშირის ეკონომიკაში ამჟამად საპირისპირო ტენდენციებია, 2014 წლის მე-4 კვარტალი ითვლება ევროკავშირის ეკონომიკის შემობრუნების პერიოდად, ხოლო 2015 წელს ვარაუდობენ 2010 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის საუკეთესო მაჩვენებლის მიღწევას.
შესაბამისად, ევროკავშირთან, არსებული რეალობის გათვალისწინებით ექსპორტი კი არ უნდა იკლებდეს, არამედ უნდა იზრდებოდეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების გარეშე, არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია, მეტიც, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება და მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ყველზე გაჭირვებულ მოსახლეობას; სასწრაფოდ უნდა მოხდეს გადასახადების განაკვეთების შემცირება. უნდა გაუქმდეს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში შემოღებული ყველა ის რეგულაცია, რომელიც აფერხებს ეკონომიკის ზრდას; სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს აქცევს რეგიონულ ჰაბად და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ეს, და სხვა ნაბიჯები, რომლებიც მოცემულია ჩვენს მიერ მომზადებულ 36 პუნქტიან ანტიკრიზისულ გეგმაში, მნიშვნელოვანია გადაიდგას ახლავე, რათა თავიდან იქნას აცილებული ეკონომიკის რეცესიაში გადასვლა", - აცხადებს ჯაფარიძე.