ავიაციაში არსებობს ასეთი ტერმინი - გადაწყვეტის მიღების მომენტი: დაშვებისას ან მეორე წრეზე უნდა წახვიდე, ან უნდა გააგრძელო მიწაზე დაშვების პროცესი.
ჩვენს ქვეყანაში ეს მომენტი დადგა. 25 წელია წრეებზე დავფრინავთ, დადგა მიწაზე დაშვების დრო. ჩვენი ქვეყნის ხომალდს ბევრი დაზიანება აქვს მიყენებული, მართვის სისტემაც დაზიანებული აქვს ნაცების მიერ, მაგრამ თუ არ დავანგრიეთ ეს სისტემა, შეიძლება სავალალო შედეგებამდე მივიდეთ. მიწას რომ არ დავენარცხოთ, გონიერი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
სამწუხაროდ ნაცებმა ამ ორი წლის მანძილზე სერიოზული სისტემა ააწყვეს, თუ რატომ ან ვისი გამოისობით მოხდა ეს ამბავი, ამაზე პასუხი დაგვიანებულია და, მე რომ მკითხოთ, საინტერესოც აღარ არის....რაც მოხდა მოხდა! გნებავთ უნიათობას დავაბრალოთ და გნებავთ საქმის არ ცოდნას.
შეიძლება ითქვას, ნაცების სისტემა ბატონყმობის პრინციპზეა აგებული. ბატონი უხვად აჯილდოებს ყმებს. გინდა იყო მაძღარი - ემსახურე მონურად. ერთხელ შუბლგაწყვეტილი ადამიანი სამუდამო მონად რჩება. სპარტაკისნაირი ღირსების მქონე ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. ნაცების სისტემა იწყება შსს-დან და მთავრდება სპორტსმენებითა და ზონდერებით, რომლებსაც ნაცები ინახავდნენ, (შეიძლება ახლაც ინახავენ).
შსს სავსე იყო და დღესაც სავსეა მათი აგენტებით, საიდანაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიდიოდა და მიდის ნაც-ბატონებთან . სასჯელაღსრულბის სამინისტრო, საბაჟო, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, სასამართლო ე.წ. მიშას "ხელის მოსამართლეებით, "სუს"-ი, პატრული, გამგეობები, საკრებულოები - სავსეა გადმოპორტირებუი , მაგრამ მაინც ნაცების მონებით. მათ მაძღარი წარსული ენატრებათ და მიდის ჟივჟივი სოციალურ ქსელებში, ტელესივრცეში, მასმედიაში. პირველყოფილების გამორჩევის პრინციპი ამოქმედდა. გამორჩევის და, მათი გაგებით, ფიზიკური გადარჩენის!
ცხვება ცხელ-ცხელი სკანდალები, მრავლდებიან სიცრუის გამავრცელებელი ვაი-ჟურნალისტები, ნაცებით დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოები, სოკოსავით გამრავლებული და მათ მიერ კონტროლირებადი ნჯო-ები.
ამ ყველაფრის სათავეში კი "გამარჯვებული ხალხი"-ს ყოფილი და ნაცების ამჟამინდელი რუპორი - "რუსთავი-2"-ია .
აპოკალიფსური მდგომარეობაა, რასაც ზურგს ფირცხალავასნაირი მოქმედი, თუ დათხოვნილი ზონდერები, დაკუნთული სპორტსმენები ზურგს უმაგრებენ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, ამ თავისებურ "პეხოტა" -ს საუბარს თეთრ ცხენზე ამხედრებულ მიშას უნდა დახვდეს საქართველოში და მის ფეხებთან დაულაგოს ერის ღირსება!
არსებობს ანტინაცისტური გეგმა? თუ ხელისუფლების ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს ვგულისხმობთ, ბევრი არაფერი. ის, რაც სხვა ამ ტიპის საზოგადოებაში, ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკულად, არ გააჩნია. მე არ ვამბობ აჭარაზე, სადაც ხავერდოვანი გადატრიალება უკვე მოხდა!
პატარა ქალაქებში და დაბა-სოფლებშიც "ოცნებისთვის" მეტად არასახარბიელო მდგომარეობაა. პრემიერის ყოფილი საყრდენის, ძმები ჩხენკელების მიერ და მათი პროტექციით დანიშნული მინისტრები, გუბერნატორები, გამგებლები და საკვანძო თანამდებობის პირები საჭიროების შემთხვევაში პრემიერს ზურგს შეაქცევენ. რჩება რაიმე ღირებული საყრდენი? მხოლოდ საზოგადოება!
ეს ის ძალაა, რომელმაც ორი წლის წინ უანგაროდ მოიყვანა "ოცნება" ხელისუფლებაში. ვამბობ უანგაროდ იმიტომ, რომ დღემდე "ოცნებამ" არც მორალურად და არც ფინანსურად ხალხს არ გადაუხადა აღებული ვალები, თუ ვალდებულებები. სირცხვილია ასაღიარებლად, მაგრამ ქართული ოცნება - ჩვეულებრივი ქურდბაცაცების მიერ ფულის კეთებით დასრულდა. ამდენ ვირთხას რას მოერევა პრემიერი ორ-სამ სანდო ადამიანთან ერთად, თუ მას მხარში საზოგადოება არ ამოუდგა?!
ამ მხრივ სრული პარადოქსია: საზოგადოებას პრემიერის სჯერა, ის კი საზოგადოებას არ უსმენს, პირიქით - ემიჯნება. როგორ მოქმედებს ასეთი სიტუაცია პრემიერის რეიტინგზე? ის დაეცა, რაც, ავტომატურად, მის დასუსტებას ნიშნავს!!! ეს მონაჭორი არ არის, ეს რეალობაა! ვფიქრობ ამ რეალობას პრემიერმა უნდა თვალები გაუსწოროს, მითუმეტეს თუ ქვეყნის ლიდერობა სურს. ხასიათის ერთი და იგივე თვისება ზოგისთვის მომგებიანია, ზოგს კი დაღუპავს. მე-სიჯიუტეს ვგულისხმობ. თუ სიჯიუტე ცხოვრების გამოცდილებაზე და ვარიანტების მრავალგზის ანალიტიკურ გათვლაზე არ არის დაფუძნებული, ის ჩვეულებრივ ავანტიურად გადაიქცევა, ყველა თანმხლები შედეგებით.
საზოგადოება ჯერ მზადაა პრემიერის მხარეს დადგეს და მას დაეხმაროს. საზოგადოებაში ჯერ დუღილის პროცესი არ დაწყებულა. გაგახსენებთ, რას მოიტანს ეს პროცესი: საზოგადოება ბრბოდ გადაიქცევა და ვიღაც ვიგინდარას შეძახილზე ყველას და ყველაფერს წალეკავს. გინდათ ეს, ბატონო პრემიერო? რასაკვირველია არა. მაშინ განზე გადადეთ სიჯიუტე. დაუტოვეთ ეს თვისება იმას, ვისაც ცხოვრების თამასა თქვენზე და ჩემზე უფრო მაღლა აქვს აწეული. ჩვენ კი ჩვენი გასაკეთებელი უნდა შევასრულოთ.