„ირაკლი ალასანიამ 2012 წელს უნამუსოდ მოიტყუა“-ამის შესახებ ბაჩო ახალაიამ "აფხაზეთის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ყველაფერი ვიცოდი და მესმოდა. უბრალოდ, ვთვლიდი, რომ ტყუილებზე, ჭორებზე რეაგირება არ იყო სწორი. როცა საჯარო პოლიტიკის კეთების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, არც ახლა ვთვლი რომ ეს ყველა ჭორისა და სისულელისადმი გამოკიდებას გულისხმობს. ბუნებრივია, დრო საბოლოოდ ყველაფერს გასცემს პასუხს. ერთი მხრივ, საზოგადოებასთან ინტენსიური კომუნიკაციის არარსებობა, რა თქმა უნდა დიდი ნაკლი იყო, მაგრამ ყველა სახის ბრალდებებზე პირდაპირი რეაგირებაც არ იყო მიზანშეწონილი, პოლიტიკური თანამდებობები თმენის ვალდებულებასაც გულისხმობს. ერთ საინტერესო მაგალითს კი შეგახსენებთ: 2012 წელს სასტუმრო "მერიოტში" ალასანიას მიერ ჩატარებული ბრიფინგი, რომელიც ე.წ. უკანონო ბანდფორმირებებს ეხებოდა. იმ ადამიანმა სრული სერიოზულობით წარუდგინა პომპეზურ გარემოში მედიას რაღაც ფურცელი, რომლებზეც თითქოს ამ უკანონო ბანდების წევრთა ვინაობა იყო ჩამოწერილი. იმ დროის გადმოსახედიდან, ალასანია ნამდვილად არ იყო ინაშვილი, მაგრამ ქცევა, გავრცელებული ტყუილი, არაფრით განასხვავებდა მათ ერთმანეთისგან. ეს იყო კლასიკური მაგალითი შეგნებული ტყუილისა, რომლებზეც პასუხები არ არსებობს. შეგიძლიათ ახლა, 2015 წელს ჰკითხოთ ალასნიას, რატომ მოიტყუა ასე უსინდისოდ, შეგიძლიათ ჰკითხოთ, რატომ ადარებდა ზუგდიდს ჰომსს? დრომ ხომ აჩვენა, რომ ის უბრალოდ, უნამუსოდ იტყუებოდა? ამიტომ ვფიქრობ, რომ უტიფარი ტყულის წინააღმდეგ ზოგჯერ პასუხი არ არსებობს, გარდა დროისა. ჩემგან იმის მტკიცება, რომ არ ვიყავი მონსტრი, არაფერს მოიტანდა. ახლა ცოტა მეგულება, ვისაც ამის გულწრფელად სჯერა. არადა, 2012 წელს, ალბათ ბევრი ელოდა ჩემს მიერ გაუბედურებული ასეულობით ადამიანის ნახვას, სინამდვილეში კი ასეთები უბრალოდ არ ყოფილან. ერთი დაზარალებულიც კი ვერ იპოვეს და ამიტომაც მოუწიათ საქმეების ძალით შექმნა, ვიღაცეების იძულება, რომ საჩივარი მაინც შეეტანათ პროკურატურაში", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.