"კვირის პალიტრაში" ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ დაიბეჭდა სათაურით " გავბედე და კიდევ გავბედავ".
სათაურის წაკითხვისას დარწმუნებული ვიყავი, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის გმირი ყველაზე დიდ გამბედაობად სააკაშვილის რეჟიმთან შერკინებას და მის დამარცხებას მიიჩნევდა. რაც შეეხება სათაურის მეორე ნაწილს, წაკითხვისას ელდა მეცა. "კიდევ გავბედავში" თავისი მოყვანილი მთავრობის გადაგდებას ხომ არ გულისხმობს -მეთქი. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით.
გაოგნებული დავრჩი, როცა ექს-პრემიერი ამ სიტყვა "გავბედავში" ენჯეოთა მამამთავრების -კახა კოჟორიძის, ეკა გიგაურის და ნინო ლომჯარიას კრიტიკას გულისხმობდა თურმე. ახლაღა მივხვდი, მათი სახით რა "მძიმე დესანტი" ჰყავთ გადმოსროლილი ამერიკელებს საქართველოში!
ინტერვიუს წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ექსპრემიერი უფრო თავშეკავებულია - მისი გულწრფელობა საკმაოდ მოზომილია და საკუთარი გუნდის წევრების მიმართაც ლოიალურობას იჩენს - უკვე კატეგორიულად არ ამბობს, რომ მარგველაშვილმა არ გაუმართლა, ან ძალიან შეცდა ნარმანიას შერჩევაში. სამაგიეროდ,როგორც იტყვიან, "პირს წმენდს" საკუთარ მთავრობას და ამბობს, რომ ქვეყანაში კადრების კვალიფიკაციის საკითხი პრობლემურია და სხვა კადრებს ზეციდან ხომ არ ჩამოიყვანენ - არ ფიქრობს, რომ ნეპოტიზმს მყარად აქვს ფესვები გადგმული მის მიერ დანატოვარ მთავრობაში.
ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ სისტემური კორუფცია არ არსებობს და თითო-ოროლა მაგალითისგან ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა არ არის დაზღვეული.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ივანიშვილი აღფრთოვანებულია საკუთარი დანატოვარით და გვარწმუნებს, რომ ღარიბაშვილის სახით ღირსეული მემკვიდრე დაგვიტოვა. შეიძლება ექსპრემიერს დაეთანხმო იმაში, რომ ღარიბაშვილმა მართლაც და უმოკლეს ვადაში შეძლო ე.წ. "კახური კლანისგან" განთავისუფლება, მაგრამ, იმის თქმა, რომ დღეს საქართველოს პროფესიონალური და მოტივირებული (თუმცა, გააჩნია, ვინ რაზეა მოტივირებული) მთავრობა ჰყავს, გადაჭარბებული იქნება!
ივანიშვილი დიდ იმედს ამყარებს საკუთარ ტელეპროექტზე - "2030" და გვარწმუნებს, რომ ეს საავტორო გადაცემა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართულ მედიასივრცეში ტირაჟირებული სიცრუის დაბალანსებაში.
ექსპრემიერი ძალიან "აჭრილია" "რუსთავი2"-ის მიმართ და ღიად აცხადებს, რომ თუ 2012 წლის არჩევნებში "რეალთV" იყო მისი "სპრინგპარტნიორი", ახლა ეს ფუნქცია "რუსთავი2"-მა შეითავსა, რომელიც "ნაციონალების" აგიტ-მანქანად გადაიქცა (როდის არ იყვნენ?!) და ხალხს ვირტუალურ სამყაროში აცხოვრებს.
იგი არ გამორიცხავს, რომ საკუთარმა ტელე-არხმა ქართული მედია-სივრცის დღის წესრიგი შეცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპრემიერს აქცენტი "რუსთავი2"-ზე აქვს გადატანილი, ზოგადად იგი უკმაყოფილოა ქართული მედიის კვალიფიკაციით (რაშიც უნდა დავეთანხმო) და გვაგრძნობინებს, რომ მხოლოდ მედიის თავისუფლება ( ეს დღევანდელი ხელისუფლების უდაო დამსახურებაა) საკმარისი არ არის კვალიფიციური და ობიექტური მედიასაშუალებების არსებობისთვის.
ივანიშვილს გართულება აქვს ქართველ ექსპერტებზეც და ღიად აცხადებს, რომ ისინი არაკომპეტენტურები არიან და ცრუ ანალიზს აკეთებენ, რითაც შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. ექსპრემიერი აპირებს ასეთ ცრუ ანალიზებს ობიექტური შეფასებები (ანალიზი) დაუპირისპიროს და მათი ნამდვილი სახე გამოაჩინოს- თუმცა, არ აკონკრეტებს, სხვა პლანეტიდან აპირებს კომპეტენტური ექსპერტ-ანალიკოსების ჩამოყვანას თუ ექსპერტთა სამჭედლოს აფუძნებს, სადაც ობიექტურ და მასშტაბურად მოაზროვნე ექსპერტებს გამოიყვანს...
ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ივანიშვილის კრიტიკა საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის - დღეს ვისაც არ ეზარება ყველამ ექსპერტის იარლიყი მიიკერა, ხოლო ვინც ასე თუ ისე პროგნოზირებას ახერხებს, პოლიტიკურ კონიუქტურას აჰყვა. არიან ისეთებიც, მკითხაობით ლელა კაკულიასაც რომ გადაასწრეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველ ექსპერტთა შეფასებები უმეტესწილად პოლიტიკურ საბურველშია გახვეული, რაც რეალობის ობიექტურად შეფასებაში უშლით ხელს.
ღმერთმა ქნას, ივანიშვილმა შეძლოს ჭეშმარიტი ექსპერტ- ანალიტიკოსების "გამოჩეკვა" , მაგრამ, ვეჭვობ ეს ასე მოხდეს. აქედან გამომდინარე, ისიც მეეჭვება, მან "ცრუ ანალიზს " ობიექტური და დაბალანსებული ანალიზი დაუპირისპიროს.
ექსპერტები და ენჯეოშნიკები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ივანიშვილს მათი კრიტიკით სურს ლაგამი ამოსდოს სამოქალაქო სექტორის აზროვნებას და როგორც სხვა სფეროებში, აქაც დაამკვიდროს საკუთარი მონოპოლია. არ ვიცი, რამდენად არის მათი განცხადება ახლოს ჭეშმარიტებასთან, მაგამ, ენჯეოები ქართულ საქმეს რომ არ აკეთებენ, ფაქტია!
რაც შეეხება ექსპერტებს, მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და ანალიზს ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ, პოლიტიკური კონიუქტურისგან უნდა განთავისუფლდნენ და მოვლენებს სიღრმისეული შეფასება მისცენ- სხვანაირად, მათი "ანალიზი" ლელა კაკულიას "წინასწარმეტყველებას" ემსგავვსება.
სხვათაშორის, ივანიშვილსაც იგივე კითხვა აქვს პოლიტიკოსებთანაც, რომლებიც მისი თქმით, რეალობას მოწყვეტილები არიან და მხოლოდ ყალბი რიტორიკით შემოიფარგლებიან.
ექსპრემიერი განსაკუთრებით კრიტიკულია ყოფილი თანაგუნდელის, ექსთავდაცვის მინიტრის ირაკლი ალასანიას მიმართ, მისი განცხადებით, ალასანიას რიტორიკა " "ნაციონალებისას" ემსგავსება, "იგი არგუმენტების გარეშე საუბრობს" და ხან ფიქრობს ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა?
ვის-ვის და ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს უფლება პრეტენზია ჰქონდეს ალასანიას მიმართ, იმ ალასანიასი, რომელიც "ნაციონალების" ზეობის პერიოდში მოვლენის ზედაპირზე ტივტივებდა და გარკვეული მოსაზრებებით ყალბი ოპოზიციონერის მანტია მოისხა. იმ ალასანიასი, რომელსაც კოალიციაში საპატიო ადგილი ეკავა, მაგრამ, თავისი არათანმიმდევრულობითა და სიხისტით იძულებული გახდა დაეტოვებია საპარლამენტო უმრავლესობა.
ივანიშვილის განცხადება, რომ ალასანია "ბოკერია-2"ია, მიგვანიშნებს, რომ მათი ინტერესები (ალასანია- "ნაციონალების") იდენტურია და თუ აქედანვე არ იზრუნა, შეიძლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ალასანია მისთვის კერკეტი კაკალი გამოდგეს!
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ომახიანი განცხადება, რომ საზოგადოება , "მესამე პოლიტიკურ ძალას ელოდება" და ეს " თავისუფალი დემოკრატები" იქნება", ჩვეულებრივ პოლიტიკურ რიტორიკად იქცევა. მითუმეტეს, ბიძინა იანიშვილმა პირველი "გასროლა" უკვე მოახდინა, ვნახოთ, რამდენად მოხვდება მიზანში!
ზაურ ნაჭყებია