ივერიონი / მარგველაშვილის მიზანმიმართული „გასროლა“ და საქართველოს თემიდა გვენეტაძის მოლოდინში!

მარგველაშვილის მიზანმიმართული „გასროლა“ და საქართველოს თემიდა გვენეტაძის მოლოდინში!

„ნაციონალური მოძრაობა“ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერს. ეს გადაწყვეტილება გუშინ „ნაციონალების“ ერთ-ერთმა ოდიოზურმა ფიგურამ - სერგო რატიანმა გაახმოვანა.

რატიანი არ აკონკრეტებს, თუ რატომ არ დაუჭერენ ისინი მხარს ნინო გვენეტაძეს. მათი პროტესტის მიზეზი, თურმე, პრეზიდენტის მიერ წინასწარ დაანონსებულ სამ კრიტერიუმთან შეუთავსებლობა ყოფილა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უნდა დაეკმაყოფილებინა.

პირველი: მათი აზრით, გვენეტაძე არ აკმაყოფილებს მთავარ კრიტერიუმს - ის არ არის უზადო პიროვნება, რადგან შევარდნაძის დროს მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, სადაც მაშინ აღებ-მიცემობა ჰყვაოდა. თუმცა, რატიანი არ ამბობს,იყო თუ არაარა იგი შემჩნეული მომხვეჭელობაში!

მეორე: გვენეტაძე არ ყოფილა აღიარებული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ, როგორც ამას მარგველაშვილის ერთ-ერთი კრიტერიუმი ითვალისწინებდა. რატიანი არც იმას აკონკრეტებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ინსტიტუტების აღიარება, ვინ იგულისხმება საერთაშორისო ინსტიტუტებში და რატომ არის აუცილებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვიღაც საერთაშორისო ინსტიტუტმა აღიაროს. ჩვენ გვენეტაძეს სტრასბურგის მოსამართლედ ხომ არ ვაგზავნით, რომ საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები ჩააბულბულოს და ე.წ. საერთაშორისო ინსტიტუტების აღიარება მოიპოვოს?!

მესამე და მთავარი _ რატიანის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ უნდა ასოცირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. გვენეტაძის შემთხვევაში ის თავის დროზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ყოფილა და პარტიული უფლებამოსილება მხოლოდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეუჩერებია.

თუ „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ საზოგადოების აშკარად გამოკვეთილ ნეგატიურ დამოკიდებულებას მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება ერთ-ერთ ნეგატივად გვენეტაძეს მათთან წილნაყარობა ჩავუთვალოთ, თუმცა, არავინ იცის, შეინარჩუნებს თუ არა იგი მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და იქნებ თუ არა ისეთი შეუვალი, როგორც იგი „ნაციონალური“ რეჟიმის პირობებში გვევლინებოდა. საინტერესოა ისიც, არის თუ არა ქ-ნი ნინო „სულით“ რესპუბლიკელი და მოექცევა თუ არა იგი ყოფილი თანაპარტიელების გავლენის ქვეშ?!

„ნაციონალების“ ვიშ-ვიში გასაგებია - კოტე კუბლაშილის შემდეგ, რომელიც მათ ყველა დანაშაულს „უპრავებდა“, ცხადია, არ აწყობთ ნინო გვენეტაძისნაირი პრინციპული პიროვნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მითუმეტეს, თუ დღევანდელი ხელიხუფლების პოლიტიკური ნება იქნება „ნაციონალების“ ბევრ სისაძაგლეს აეხდება ფარდა, მაგრამ მათი პრეტენზიები ნაკლებად საინტერესოა - უზადო რეპუტაციის, მაღალპროფესიონალი და შეუვალი ფიგურა ქართულ მართლმსაჯულებას - სასამართლო სისტემას სჭირდება, რომელიც არსებულმა დანაშაულებრივმა რეჟიმმა ნოტარიუსად აქცია!..

ცხადია ისიც, რომ სრულყოფილი სასმართლო სისტემა ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ დგას სასამართლო სისტემის სათავეში.

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მარგველაშილმა ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო - ქალბატონი ნინო გვენეტაძე თავისი პროფესიონალიზმით და ადამიანური პრინციპებით უდაოდ იმსახურებს პარლამენტის (რომელმაც უნდა დაამტკიცოს) და საზოგადოების მხარდაჭერას.

სხვა საკითხია, როგორი იქნება იგი ამ თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ: - საით გადაიხრება თემიდას სასწორი და შეუწყობს თუ არა ხელს ობიექტური მართლმსაჯულების დამკვიდრებას ქვეყანაში თუ ხელისუფლების (ან მის სახესთან ასოცირებული პარტიის) პოლიტიკური ნების მძევალი გახდება!

ვნახოთ!

ზაურ ნაჭყებია

18-02-2015, 12:30
უკან დაბრუნება