ივერიონი / რატომ არ ენდობიან "ქართულ ოცნებას" სამეგრელოში?

რატომ არ ენდობიან "ქართულ ოცნებას" სამეგრელოში?

1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთის გამოკლებით (ფოთი) სამეგრელოს ყველა რაიონში მაჟორიტარული არჩევნები მოიგო.  საკმაოდ სოლიდური ხმები მიიღო პროპორციული სისტემითაც. თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი "ქართულ ოცნებას" და რატომ ამჯობინეს არჩევნებამდეც დისკრედიტირებული "ნაციონალები", საზოგადოებას დამაჯერებელი პასუხი ჯერ არ მიუღია.


დასამალი არ არის, რომ სააკაშვილს სამეგრელოს რეგიონის მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა. მეტიც, სამეგრელოს მოსახლეობა ამაყობდა იმით, რომ "ვარდების რევოლუცია" სამეგრელოდან _ წალენჯიხიდან დაიწყო და ამით განაჩენი გამოუტანეს შევარდნაძის დამყარებულ რეჟიმს. თუმცა, ყველაფერს მეგრელებს ვერ დავაბრალებთ _ სააკაშვილს და საზოგადოდ, შევარდნაძის მაშინდელ ოპოზიციას, ბურჯანაძე-ჟვანიას თამადობით, ბევრი მხარს უჭერდა და ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდზე დიდ იმედს ამყარებდა. თითქმის იგივე განმეორდა, როგორც ეროვნული ძალების, ანუ "მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში იყო. ხალხს ახალი ძალების სჯეროდა და მათი კრიტიკა პირველ ხანებში დანაშაულად ითვლებოდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ "ნაცმოძრაობა" კრიტიკულ განწყობას ჩანასახშივე ახშობდა და ამისთვის მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებდა.


მართალია, "ვარდების" ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა (ეს განსაკუთრებით ცენტრში იგრძნობოდა), რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან უკმაყოფილებაც დაერთო თან, მაგრამ რეგიონებში სრული სიბნელე ჩამოწვა და მოგვწონდა-არ მოგვწონდა მიშას მზეს ფიცულობდნენ. მთავარ არგუმენტად ცენტრალური გზების მშენებლობა, მუდმივი დენი და, რაც ყველაზე მთავარია, კრიმინალური სიტუაციის აღკვეთა სახელდებოდა. ადგილობრივები არაფერს ამბობდნენ იმაზე, რომ საბოლოოდ დაინგრა და გაჩანაგდა სოფელი, დღითიდღე მატულობდა უმუშევრობა, გლეხს მიწის დამუშავების ელემენტარული პირობები არ გააჩნდა, ხოლო ბიზნესი ხელისუფლების მიერ ლობირებული ადგილობრივი კლანების ხელში იყო მოქცეული.


ამას თან დაემატა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორის როლანდ ახალაიას მიერ დანერგილი ტერორი, რომლის გამოც წლების მანძილზე ხალხს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული. ერთი სიტყვით, ხალხს მოსწონდა ის, რაც ხელს უშლიდა მათ ნორმალურ ცხოვრებას.


მიუხედავად ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით გამოწვეული ინტერესისა, რომელმაც ქვეყანაში შეცვალა პოლიტიკური ბალანსი, რეგიონებში, განსაკუთრებით კი, სამეგრელოში სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არსებითად არ შეცვლილა. ისინი სკეპტიკურად უყურებენ ივანიშვილის დაპირებებს და დარწმუნებული იყვნენ, რომ "ნაციონალები" სააკაშვილის მეთაურობით არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას იზეიმებდნენ.


რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ "ნაცებმა" სამეგრელოში არჩევნები გააყალბეს (არც უმაგისობა იქნებოდა), სააკაშვილს მოსახლეობის მხარდაჭერა რეალურად ჰქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბედის ირონიას ჰგავდა ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებში როლანდ ახალაიას გამარჯვება, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.


ამ რამდენიმე დღის წინ სამეგრელოს რეგიონში გახლდით და საშუალება მქონდა გავსაუბრებოდი მოსახლეობას. გულწრფელად გითხრათ, მათმა განწყობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი ახლაც დარწმუნებულია იმაში, რომ ივანიშვილი სააკაშვილს ვერ აჯობებს (მათი სიტყვებით, "ვერ შეეხება") და "ნაციონალები" ისევ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. საინტერესო იყო საარჩევნო კომისიის წევრების აზრიც, რომ რეგიონში ტოტალური გაყალბება არ ყოფილა, უბრალოდ "ნაციონალებმა" კარგად იმუშავეს. ამ "მუშაობაში" ტრადიციულ დაპირებებთან ერთად, თურმე, "შაბაშებიც" იგულისხმება.


თავი დავანებოთ არჩევნებს და თვალი დღევანდელ რეალობას გავუსწოროთ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში "ნაციონალები" დამარცხდნენ და ახალ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში "ქართული ოცნების" მიმართ პოზიტიური განწყობა მაინცდამაინც არ იგრძნობა _ ხალხი მყისიერ ცვლილებებს ითხოვს და შიშობს, რომ რეგიონში კრიმინოგენული სიტუაცია გამწვავდება, ახალი მთავრობა " ნაციონალებზე" უკეთესად ვერ იმუშავებს. გარდა იმისა, რომ ტვინში სააკაშვილის უძლეველობა აქვს ჩაბეტონებული, ამ განწყობას ხელს უწყობს ისიც, რომ ადგილებზე არსებითად არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით სამეგრელოს რამდენიმე რაიონში პოლიციის უფროსების შეცვლას, რომელსაც ხალხი დიდი უკმაყოფილებითYარ შეხვედრია. ძველი კადრები ძველი ხელისუფლების ძლევამოსილების იმიტაციას ქმნის, მით უმეტეს, "ნაცმოძრაობა" ადგილებზე ძალიან ეფექტურად მუშაობს და იმის ილუზიასაც ქმნის, რომ  ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან!


ვეთანხმები ქ-ნ ნანა დევდარიანს, როცა ამბობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ადგილებზე მართვის სადავეები, რაც შეიძლება დროულად უნდა აიღონ, სხვანაირად "ნეციონალებში" არსებულმა რევანშისტულმა განწყობამ შეიძლება ქვეყანაში სიტუაცია დაამძიმოს. აქედან გამომდინარე, უნდა დაჩქარდეს გუბერნატორების ჩანაცვლება ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი კადრებით. საჩქარო წესით უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის  გამგეობის თავმჯდომარეთა (გამგებელთა) გადარჩევაც. მიუხედევად იმისა, რომ ადგილობრივ საკრებულოებში "ნაცები" ლიდერობენ, ახალმა უმრავლესობამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს აღნიშნულის უზრუნველსაყოფად. რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა მეტი კონტაქტი მოსახლეობასთან და იმაში დარწმუნება, რომ ახალი მთავრობა ახალი გეგმებით მოდის და მათ პრობლემებს სერიოზული ყურადღება მიექცევა.


ამასთან, უნდა დავარწმუნოთ იმაშიც, რომ "ნაცების" მზე ჩაესვენა და ისინი აწი ვერ "გამოანათებენ!"


ზაურ ნაჭყებია

14-11-2012, 13:33
უკან დაბრუნება