დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გუგული მაღრაძე სკანდალში ეხვევა. საქმე ეხება ქუთაისში, მიმდინარე წლის 6 თებერვალს მომხდარ ავარიას, რასაც 19 წლის ნანა გიგლემიანის სიცოცხლე შეეწირა. აღნიშნულ ინფორმაციას "პრესა.გე" ავრცელებს.
მძღოლი ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, ეკლესიიდან მომავალ გოგონას ვერცხლისფერი ავტომობილი დაეჯახა, რომლსაც ქალბატონი მართავდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალს ქერა თმა ჰქონდა.
ქუთაისში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილს პოლიცია მფარველობს, რადგან ის მაღალჩინოსანია.
ნანას ბებია ნაირა ნანავა ამბობს, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მის შვილიშვილს დეპუტატი გუგული მაღრაძე დაეჯახა.
ნანა ნანავა: ხელს ვერავის დავადებ, ჭორის დონეზე ვიცი, ხალხი რასაც ლაპარაკობს მაგას გეუბნებით, მთელი ქუთაისი ლაპარაკოს, რომ იყო ქალი, ქერა თმით, და მართავდა ვერცხლისფერ მანქანას, რომელიც დაეჯახა ნანას. პარლამენტარია და გულო ჰქვია. აღწერილობით მაღრაძეს გავს, მაგრამ ცოდვას ვერ ვიტყვი. მაგრამ ეს ინფორმაციები ჩვენთან მოდის. არაფერი ვიცი არავის ვადანაშაულებ, მე თვითონ არ მინახავს. თუ მანაც გაიგო, რომ გუგული მაღრაძეს ახსენებენ ამ საქმეში, მაშინ კეთილი ინებოს და თვითონ დაინტერესდეს საქმით. დამეხმაროს მკვლელის პოვნაში, ვინც მომაკვდავი ბავშვი მიატოვა და გაიქცა. გაიწმინდოს სახელი.
- როგორ გგონიათ რატომ გაჩნდა ეჭვი ქალბატონ გუგულიზე?
- როცა ეს ამბავი მოხდა 12:30 საათზე, ქუთაისში გაითიშა შუქები. გაითიშა მაგისტრალზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები. ჩემი შვილიშვილი, სისხლში ბანაობდა, ის კი მიიმალა. გამოძახებული იყო სასწრაფო, საპატრულო და სახანძრო მანქანები. ისე გადარეცხეს ქუჩა რომ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. შამპუნები მოასხეს და ხეხეს, ხეხეს... კვალი წაშალეს!!!
ბუნებრივია "პრესა.ჯი" დეპუტატ გუგული მაღრაძესაც დაუკავშირდა.
მან 6 თებერვალს ქუთაისში ყოფნა კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, არც მანქანის ტარება იცის.
გუგული მაღღაძე: მიმდინარე წლის 6 თებერვალს მე ვიყავი თბილისში, არ ვატარებ მანქანას და არავითარი მიმართება არ მაქვს მაგ საქმესთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ექსპერტიზის დასრულებამდე კონკრეტულ პირებზე არ საუბრობენ.
"შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით",- უთხრეს "პრესა.ჯი"-ს სამინისტროში.