ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოს მთავრობა ახერხებს, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ წამოეგოს

პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოს მთავრობა ახერხებს, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ წამოეგოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახერხებს, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ წამოეგოს.


"როგორც ჩანს, თქვენთვის ლავროვის სიტყვებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებებს. თქვენ უსმინეთ ლავროვს და ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ. ორმა წელმა დაადასტურა, რომ ჩვენ არ ვართ ავანტურისტი მთავრობა, პროვოკაციებს არ ვეგებით, შეცდომებს არ ვუშვებთ, რომლესაც მერე რუსეთი იყენებს. ორმა წელმა ისიც აჩვენა, რომ ჩვენ შესაბამისი ზომებისთვის მზად ვართ. რუსეთი ასეთი აგრესიული არ ყოფილა არასდროს, რაც მსოფლიოს აჩვენა. 2008 წელი ვერავინ დაინახა, ახლა კი ყველა ხედავს. იმ ფონზე, როცა რუსეთი ასეთი აგრესიულია და ცდილობს საქართველო ჩაითრიოს უამრავ სხვადასხვა პროვოკაციაში, ჩვენ ამას თავიდან ვიცილებთ. ორი წელი ისე გავიარეთ, რომ არ გვყავს არც ერთი დაღუპული, არც ერთი დევნილი, არ გვაქვს არც ერთი დაკარგული სოფელი და ქალაქი. ეს ვერც შეძლო ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, სახელმწიფო მინისტრი ამას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მიზნის მიღწევას თავისი დრო სჭირდება.
"დღეს და ხვალ ეს ნამდვილად არ იქნება, ზეგ შეიძლება იყოს. ჩვენ ჯერ MAP-იც არ მიგვიღია, ასე რომ ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს. ჩვენ მივდივართ ნატო-სკენ და მე სხვა სივრცეში საქართველო ვერც წარმომიდგენია. ყველა სამიტზე გვაქვს პროგრესი, მაგრამ, ბუნებრივია, მას სჭირდება მუშაობა. ეს არის ხანგრძლივი, თუმცა თანმიმდევრული ნაბიჯების პროცესი. ილია ჭავჭავაძის სიტყვებს გაგახსენებთ "ოთარაანთ ქვრვიდან", რომელიც ამბობს, რომ პატიოსანი დედაკაცი 9 თვეში შობს ბავშვსო, ანუ 7-თვიანი არავის არ უნდა, არც ექვს და ხუთთვიანი. ყველა მიზანს თავისი დრო აქვს. ჩვენ ვართ იმ პროცესში, როცა ნატო-მდე აუცილებლად მივალთ", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

19-02-2015, 13:29
უკან დაბრუნება