საპარლამენტო უმცირესობის წევრი, მიხეილ მაჭავარიანი ქვეყნის მთავრობას ეკონომიკის მდგრადობის დასაბალანსირებლად გამოსავალს სთავაზობს.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში პროდუქტები გაძვირდა, მედიკამენტებზე ფასებმა მოიმატა, მთავრობის წევრები არ საუბრობენ შექმნილი ვითარების მოგვარების მწყობრ გეგმაზე, განაცხადა მაჭავარიანმა.
"ლარი განაგრძობს ვარდნას. 2.08 ნიშნულზე არის. ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების გაღარიბებას. პროდუქციის გაძვირებას. ექსპორტი 30%-ით შემცირდა ბოლო 4 თვის განმავლობაში. შემცირებულია გადმორიცხვები და ინვესტიციები. არც პრემიერი, არც ფინანსთა მინისტრი არ საუბრობს მწყობრ გეგმაზე. მე ეს ვერ მოვისმინე," - ამბობს მაჭავარიანი.
დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მმართველ გუნდს გამოსავლის სახით საშემოსავლო გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების შემცირებას სთავაზობს.
"ჩვენ არ ვტრაბახობთ, მაგრამ გვაქვს გეგმა. იკითხეთ ქუჩაში რას ამბობენ მთავრობაზე," - ამბობს მაჭავარიანი.