ივერიონი / რა ემუქრებათ მასწავლებლებს?

რა ემუქრებათ მასწავლებლებს?

ზოგადი განათლების პროფკავშირის პრეზიდენტი თემურ ძოწენიძე  "ივერიონთან" მასწავლებელთა სქემას აფასებს. 

 

„დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მასწავლების პროფესიაში შესვლისა და კარიერული ზრდის სქემა. მოკლედ, ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მასწავლებლის უფლების მოპოვება და, ასევე, ამ დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრება,  თუ რა ელის უკვე მოქმედ მასწავლებელს. 

უნდა აღინიშნოს, რომ, სანამ ეს დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებდა, საკმაო აზრთა შეპირისპირება გამოიწვია. დავა წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი კატეგორია უნდა შემოეღოთ პედაგოგის კარიერული წინსვლის კონტექსტში, ასევე,  აზრთა სხვადასხვაობა შეეხებოდა კატეგორიიდან კატეგორიაზე გადასვლის მექანიზმებს და სხვ. 

სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ მასწავლებლის შრომითი დაცულობის ასპექტი დოკუმენტში არსებული რეგულაციების დონეზეც და ზეპირი განხილვის დონეზეც ბუნდოვანია. არავინ დაობს იმაზე, რომ მასწავლებელს მუდმივად ესაჭიროება პროფესიული განვითარების რეჟიმში ყოფნა. თანამედროვე მსოფლიოს საგანმანათლებლო გამოწვევები მუდმივად ახალი და ახალი პედაგოგიური მოთხოვნების წინაშე აყენებს ჩვენს მასწავლებელს. ზემოხსენებული სქემა, სწორედაც, მასწავლებლისთვის პროფესიული ზრდის ლოკომოტივის ფუნქციას უნდა კისრულობდეს. თუმცა განათლების მესვეურთ არ უნდა ავიწყდებოდეთ, რომ პიროვნული თუ პროფესიული წარმატების უმთავრესი ხელშემწყობი გარემოება უსაფრთხოების განცდაა. ამ შემთხვევაში მე გამოვყოფ პროფესიულ, შრომით და სოციალურ უსაფრთხოებას, რაც არა ზეპირი დაპირებების ფორმით უნდა ეწოდებოდეს მასწავლებელს (სამწუხაროდ, მხოლოდ ამგვარი გამოცდილება არსებობს), არამედ დოკუმენტურად, მკაფიოდ უნდა იქნას ასახული. 

საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ განათლების სამინისტრო განზრახ ასუსტებდეს მასწავლებელთა დაცვის გარანტიებს, ამის ეჭვი ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა სისტემაში არსებობს ძალიან ცუდი გამოცდილება, ცალკეულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული რესურსის უსამართლო გამოყენებისა პედაგოგთა წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია თავადვე უნდა იყოს პედაგოგის შრომითი უფლებების დაცვის გარანტია. 

სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ხსენებულ სქემაში ამგვარი გარანტიები გამოკვეთილი არ არის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ სქემის სრულ დანერგვამდე პილოტირების პროცესებია გათვალისწინებული. ზოგადი განათლების პროფესიულმა კავშირმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიდი შრომა გასწიეს, რათა ეს მოთხოვნა (სქემის პილოტირება) სახელმწიფოს სერიოზული ყურადღების საგანი გამხდარიყო. დაბოლოს, ზოგადი განათლების პროფკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ სქემის პილოტირების პროცესში გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეები სათანადოდ იქნება შეფასებული, რათა, საბოლოო ჯამში, სქემა რეალურად მორგებული იყოს სისტემის საჭიროებას და ზედმიწევნით ითვალისწინებდეს მასწავლებლის პროფესიულ, შრომით და სოციალურ ინტერესებს. ამასთან, ჩვენი პროფესიული გაერთიანება მონიტორინგს გაუწევს ხსენებულ პროცესებს, რათა რეგულაციების მორევში არ მოხდეს თუნდაც ერთი მასწავლებლის კანონიერი უფლებების დარღვევა“.

 

19-02-2015, 18:06
უკან დაბრუნება