საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული და განგაშის ზარი უნდა შემოკრას, რომ როგორღაც ეკონომიკური სიტუაცია კრიზისიდან გამოვიდეს.
გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა მისი მთავრი ფუნქცია -აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობა და კონტროლი უნდა შეასრულოს. სწორედ ამ მიზეზით "ნაციონალები" მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ.
"ამაზე მეტი კრიტიკული რა უნდა იყოს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით გვაქვს საქართველოში. კონსულტაციების გარდა, ჩვენ შევთავაზეთ უმრავლესობას თანამშრომლობა იმ მარტივი მიზეზით, რომ კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ეშველოს.
თუ უმრავლესობა და ხელისუფლება ოდნავ მაინც ფიქრობს ხალხზე და ფინანსურ პრობლემებზე, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ, ამით უნდა იყოს დაკავებული. ეს არის ერთი ძირითადი გამოსავალი: დავსხდეთ ყველა ერთად და ლარს ვუშველოთ," - ამბობს გოგორიშვილი.