ივერიონი / რა განსაცდელს უმზადებენ საქართველოს?!

რა განსაცდელს უმზადებენ საქართველოს?!

ექსპერტი განათლების საკითხებში ქ-ნი მანანა ნიკოლაიშვილი "საქართველო და მსოფლიოს"-თვის მიცემულ  ინტერვიუში საგანგაშო განცხადებას აკეთებს.

 როგორც ქ-ნი მანანა აღნიშნავს, საჯარო (ზოგადსაგანმანათლებლო ) სკოლებში სავალდებულო გახდება  ახალი საგნის  - "მე და საზოგადოება"- შემოღება, რომლის მიზანია, მომავალ თაობებს უარი ათქმევინონ ოჯახსა და სხვა ტრადიციულ ღირებულებებზე და შეაგუონ  "მაქსიმალური პიროვნული თავისუფლების" ილუზიას. 
 ექსპერტი  უფრო შორს მიდის  და აცხადებს, რომ  პრაქტიკაში დამკვიდრდება ახალი ტერმინი "იუვენალური იუსტიცია", რაც "ჩვენს" ენაზე მშობლებისთვის ბავშვების წართმევას და მათ სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას ითვალისწინებს!..
 ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ასეთი მოდელი ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში  არსებობს და მიზნად ისახავს "ახალი ადამიანის" - საზოგადოების ახალი  მოდელის შექმნას - ისეთი საზოგადოების, რომელიც მაქსიმალურად დაცლილი იქნება ყოველგვარი ზნეობრივი  ფასეულობებისგან , ანუ, ხელს  შეუწყობს  უეროვნებო, უსახური, უზნეო ინდივიდების ჩამოყალიბებას.
 გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყით, რომ ქვეყანაში " ახალი ქართველის"ჩამოყალიბების პროცესი უკვე დაწყებულია - საქართველოს განათლების სისტემას არ გააჩნია ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, პრაქტიკულად არ არსებობს განათლების სისტემის განვითარების კონცებფცია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი სტიქიურად, უცხოეთიდან მიღებული დირექტივებით  ხორციელდება!..
 სამწუხაროდ, პოლიტიკური ცვლილებები ("ნაცმოძრაობის" "ქართული ოცნებით" ჩანაცვლება იგულისხმება)  განათლების სისტემას არ შეხებია (იგივე  მდგომარეობაა კულტურაშიც)- ლომაიას მიერ დაწყებული ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნგრევა ისევ წარმატებით ხორციელდება. დიახ, ისევ წარმატებით გრძელდება ე.წ  "ახალი  ქართველის" გამოყვანის პროცესიც...
  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  განათლების სისტემაში ისევ "ნაციონალები", ან "ნაციონალური"  სულისკვეთების  ადამიანები არიან მოკალათებული და თვალსა და ხელს შუა ანგრევენ იმას, რაც  საუკუნეების მანძილზე შეგვიქმნია- მიზანმიმართულად  მიმდინარეობს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ზომბირება, რაც ტრადიციული ფასეულობებისადმი ნიჰილისტური განწყობის დამკვიდრებას  უწყობს ხელს!
  ჩვენ პოლიტიკური ინტრიგებითა თუ სხვა ყოფითი პრობლემებით დამძიმებულნი, ვერც კი ვამჩნევთ,  როგორ მიექანება ქვეყანა  უფსკრულისკენ და როგორ ვამბობთ ნებაყოფლობით უარს საკუთარ იდენტობაზე!
 ვეთანხმები ქ-ნი მანანა ნიკოლაიშვილს, რომ საზოგადოება  გულარხეინად არ უნდა იჯდეს - მან კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს  ხელისუფლებას, რომ შეცვალოს განათლების სისტემისადმი ის ანტიქართული (ანტისახელმწიფოებრივი) დამოკიდებულება, რასაც "ნაციონალურმა რეჟიმმა" ჩაუყარა საფუძველი და დღესაც მიზანმიმართულად გრძელდება!
 ჩვენ პრობლემებით დახუნძლულ  ეპოქაში ვცხოვრობთ. ეტყობა, იმდენად გამოვიფიტეთ, იმდენად დაგვაზომბირეს, რომ არსებითისა და მეათეხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევას ვერ ვახერხებთ -არ შეიძლება  ლარის კურსის  კატასტროფულად დაცემამ, ან თუნდაც  სკანდალური ისტორიებით გატაცებამ მთავარი გადაფაროს.
 ნიშნადობლივია ისიც, რომ  ერის ყოფნა-არყოფნა მხოლოდ ფიზიკურად არსებობას არ გულისხმობს.  დიახ, საკუთარი იდენტობის შენარჩუნება ეროვნული საგანმანათლებლო  სისტემისა და მის წიაღში  აღზრდილი მომავალი თაობების გარეშე შეუძლებელია!
 ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებამ კარს მომდგარი საშიშროება  გააცნობიეროს და განგაშის  ზარები დაარისხოს, საღათას ძილით სძინავს, ან იმაზე ფიქრით იმძიმებს თავს, რა მოუვა  ლარის კურსს მომავალში, ან დადგინდება თუ არა  ექს-პრემიერის მკვლელობის  დეტალები და რამდენად სარწმუნოა ეფ-ბი-აი-ს დასკვნა.
 ამაზე ფიქრით არც პოლიტპარტიები თუ ე.წ სამოქალაქო სექტორი იტკიებს თავს- მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, მივალთ თუ არა  მომავალ არჩევნებამდე, ან აღსრულდება თუ არა "ნაცების" მუქარა, ვიდრე, საყდრისის თემა, უცხოელებზე მიწის შეუზღუდავად გაყიდვის კანონპროექტის მიღება, ნატოს საწვრთნელი ბაზის საქართველოში განთავსება, ან თუნდაც განათლების ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც  უსულო და უსამშობლო " ახალი ქართველის" გამოჩეკვას შეუწყობს ხელს!
  სამწუხაროდ, აღნიშნულ განსაცდელზე  არც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იღებს  ხმას, არადა ეს მისი  პირდაპირი მოვალეობაა!
P.შ   რამდენადაც ვიცი, განათლების  ახალი ანტიქართული პროექტი " მე და საზოგადოება" 2015-2016  სასწავლო წლებში რეგიონებში  დაიწყება და მას ე.წ "საპილოტე პროგრამა დაერქმევა, შემდეგ კი სავალდებულო გახდება მთელი საქართველოს საჯარო და კერძო  სკოლებისთვის.
 ისე თუ გულწრფელად ვიტყვით, რომელი  ანტიქართული პროექტი არ "გადაუყლაპია" საზოგადოებას, ამაზე, რომ ვენები დაიჭრას. არადა, ეს ყველა  უბედურებაზე დიდი უბედურება, ყველა განსაცდელზე დიდი განსაცდელია, რაც კი ამ ბოლო ათეულ წლებში საქართველოს თავს დასტყდომია!..
 "ივერიონი" ამ  თემაზე დისკუსიას მომავალშიც გააგრძელებს.
 

                                       ზაურ ნაჭყებია 

21-02-2015, 13:11
უკან დაბრუნება