დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას, როცა ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხთა გარშემო დასმულ შეკითხვებზე დუმილის პოზიციას ირჩევს, რითაც არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკუთარ უნიათობასა და არაქმედითუნარიანობაში იმხელს თავს. თუმცა, ამით ეს თემები საზოგადოების ყურადღების არედან მაინც არ იხსნება. რადგანაც ხელისუფლებას კითხვები პირდაპირი პასუხი არ გააჩნია და ვერც ამ პარტიებს წამოაძახებს ვერაფერს, ცდილობს მათი პოზიციის იგნორირებას, მაგრან წამოჭრილი საკითხი ამით ვერ გვარდება და ირიბად განსხვავებულ ფორმატში ცდილობს პასუხის გაცემას.
ამის ნათელი მაგალითია, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად სახელმწიფო საზღვრის ფსოუსა(აფხაზეთი) და როკის (შიდა ქართლი) მონაკვეთებზე ტვირთების გადაზიდვის კონტროლის საკითხი. აღნიშნული პრობლემის ირგვლივ, “სახალხო პარტიამ” სავსებით ლეგიტიმური კითხვებით მიმართა, გასული წლის 11 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს (წერილის რეგისტრაციის ნომერია: 181265/01), სადაც “სახალხო პარტია” ითხოვდა ინფორმაციის გასაჯაროებას საქართველოს მთავრობისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმებიდან-გამომდინარე _ 1. რომელი საერთაშორისო კომპანია იყო/არის შერჩეული ტვირთების მონიტორინგისათვის; 2. რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო დერეფნებში გადაადგილებული ტვირთების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ნაზარდი ჯამის მიხედვით თანხებში, და თუ შესაძლებელია იგივე ნატურალური ზომის ერთეულებში (ტონა, ცალი, მანქანა) 3. საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრების პერსონალური შემადგენლობა.
დასმულ შეკითხვებზე პასუხები ნათელ სურათს შეუქმნიდა საზოგადოებას ხელისუფლების(როგორც წინა, ასევე დღევანდელის) ქვეყნის ინტერესების დაცვის ერთულებისა და მათი პროფესიონალიზმის ხარისხზე.
“სახალხო პარტიას” კითხვებზე, მიუხედავად ვალდებულებისა, არათუ ათდღიან ვადაში, არამედ დღემდე ოფიციალური პასუხი არ მიუღია. 17 თებერვალს კი პრემიერ-მინისტრის პირადი წარმომადგენელის ბ-ნ ზურაბ აბაშიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, რომ ამ საკითხებზე მუშაობა საერთოდ არ არის დაწყებული, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, არც წინა და არც დღევანდელ ხელისუფლებას თითიც არ გაუნძრევია ამ მიმართულებით და ახლა აპირებენ ამ საკითხის აბაშიძე-კარასინის ფორმატში წამოწევას.
ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა და დადასტურებული უნიათობა, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის აზრის იგნორირება, მაგრამ არანაკლებ სახიფათოა ავტორიტეტული საერთაშორი ორგანიზაციის (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) ეგიდით გაფორმებული ხელშეკრულების რეალიზაციის პროცესის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ღია განხილვის, გადაყვანა ქართულ-რუსულ პირადი წარმომადგენლების დონეზე დახურულ შეხვედრაზე, სადაც, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების განწყობას საქართველოსთვის სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ.
ქართული სახელმწიფო ისევ წამგებიანი პოზიციიდან იწყებს პრობლემის გადაჭრაზე ფიქრს. უარესიც _ საკითხი რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურად სამთავრობო და საერთაშორისო დონეზე მაინც მოითხოვს რეაგირებას, ისევ არასწორ _ აბაშიძე-კარასინის "შინაურულ-სანაცნობო" ფორმატში განსახილველად იქნა განწირული. კიდევ ერთხელაღმოვჩნდით ფაქტის წინაშე, როდესაც არაკომპეტენტური, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების ქმედება, ქვეყანას ზარალის მეტს არაფერს მოუტანს.
“სახალხო პარტია” 20.02.2015