ლარის კურსი გაუფასურების ახალ რეკორდებს ხსნის.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ლარის კურსის დასტაბილურებისთვის მთავრობა სავალუტო ფონდს დამატებით თანხას სთხოვს. ჯერ არ არის ცნობილი, რა მოცულობის სესხის აღებას აპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება, თუმცა, გეგმავენ, რომ ეს თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადონ
ექსპერტი, გია ხუხაშვილი "კვირის პალიტრასთან" ქვეყანაში განვითარებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება ერთი, ან ორი თვით შეიძლება შეაჩერო, მაგრამ ორი თვის შემდეგ უარესი მოხდება.
"იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ვფიქრობ, ლარის კურსის ვარდნა ძალიან რთულად აისახება კომპანიებზე, რადგან მათ ბუნებრივად უჩნდებათ ფასების მომატების საჭიროება. ძალიან ბევრი კომპანიაა მიბმული სახელმწიფო შეკვეთებზე და იქ ფასები ლარში ფიქსირდება, მათ შორის - ტენდერებში. ეს კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის, შემდეგ კი ეს ყველაფერი მომხმარებელზე აისახება, რაც გადაიზრდება ძალიან სერიოზულ სოციალურ პრობლემატიკაში. უარყოფითი მოვლენების მთელ ჯაჭვთან გვექნება საქმე, რომელთა შორის, ალბათ, ყველაზე მძიმე მაინც სოციალური რისკებია, რაც, სამწუხაროდ, გარდაუვალია. ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია, სიცოცხლის უფლებით უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ინფლაციის პროპორციულად უნდა მოახდინოს მათი მწირი შემოსავლების - პენსიების, დახმარებების, შემწეობების ინდექსაცია. მართალია, ეკონომიკურად ეს არ არის სასარგებლო და გამართლებული ნაბიჯი, მაგრამ არსებობს მორალური ვალდებულებები... ასევე, იმის გამო, რომ რეგიონებში უინიციატივობა და სრული უუნარობაა ვერ ხორციელდება საინვესტიციო პროექტები. რაც ლარის კურსს ურტყავს...
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გარდაუვალია ბუნებრივი აირის ტარიფების გაძვირება და ეს ალბათ, ენერგოტარიფებზეც აისახება.
გარკვეულ ეტაპამდე, კომპანიებთან მოლაპარაკების გზით, მთავრობა ენერგორესურსების გაძვირებას შეაჩერებს, თუმცა, ხანგრძლივად წაგებაზე არავინ იმუშავებს. თეორიულად, ერთადერთი, რასაც ინფლაციური მოვლენები ხელს უწყობს, ექსპორტია, მაგრამ ჩვენ საექსპორტო პროდუქცია, ფაქტობრივად, არ გვაქვს...
მთავრობა სავალუტო ფონდიდან მიღებული თანხით აპირებს ვითარების დასტაბილურებას. ამაში არის ლოგიკა - ნაღდი ფულით ვალუტის შემოსვლა ნაწილობრივ გააუმჯობესებს სავალუტო ბაზრებზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს და შემდგომ დევალვაციას შეაფერხებს ან შეარბილებს, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ღონისძიება და ასე პროცესი არ შეჩერდება.
მოზიდული თანხა დაიხარჯება და გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემა არ გადაიჭრება. ისევე როგორც არ გადაიჭრება პრობლემა ეროვნული ბანკის ინტერვენციებით. ერთადერთი გზა არის ნორმალური, ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრება. მთლიანად სისტემური მიდგომა, ეკონომიკური ხედვაა შესაცვლელი, რათა რაღაც დროის შემდეგ სტაბილიზაცია მივიღოთ. ხელისუფლებამ არ უნდა იმოქმედოს პრობლემის გადაგორების პრინციპით. ლარის გაუფასურების პრობლემა შეიძლება ერთი-ორი თვით შეაჩერო, მაგრამ ორი თვის შემდეგ უარესი პრობლემა მიიღო.