ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმე კვლავ ბურუსით არის მოცული. როგორც გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაც ოთხი მოწმის გამოჩენას გულისხმობს.
" ისინი ამ საქმეში ძალზე საინტერესო დროს და ადგილას ჩანან. არ ვამტკიცებთ, თუმცა, არც გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მათგანი იყოს დამნაშავე, მკვლელობის თანამონაწილე, ან ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს", განაცხადა კიწმარიშვილმა.
"გამოიკვეთა ოთხი პირი, რომელთაგან სამი დაკითხულია, ერთის კვალი ჯერ არ ჩანს... არის სხვა ინფორმაციაც, რომელიც ამ ხალხს უკავშირდება, ამიტომაც გახდნენ გამოძიებისთვის საინტერესო. მოხდა მათი იდენტიფიცირება, ყველაფრის თქმა არ შემიძლია... ისინი სხვადასხვა მიზეზით გამოჩნდნენ და ამას წინ რა უძღოდა, ვერ გეტყვით... მათ შორის არის პირი, რომელზეც გამოძიებას აქამდეც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, მის მიმართ ინტერესმა მოიმატა"...