დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მხოლოდ გუშინ დაიწყო. ამან გარკვეული პრობლემები შექმნა, რამაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში აღშფოთება გამოიწვია.
„ივერიონთან“ საუბრისას ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა: „რატომ ვაწყდებით ბილეთების ყიდვისას ხელოვნურად გამოწვეულ პრობლემებს? ნუთუ, ფეხბურთის ფედერაციას არ შესწევს იმის უნარი, რომ ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღით ადრე დაიწყოს?“
ამ საკითხთან დაკავშირებით, „ივერიონი“ დაუკავშირდა ფეხბურთის ფედერაციის მდივანს რეზი არველაძეს და კომენტარი სთხოვა. მან ჩვენთან საუბრისას განაცხად: „ჩვენთან არანაირი პრეტენზიები ბილეთების გაყიდვებზე არ შემოსულა. სხვა შემთხვევაში ეს პრობლემა რომ რეალურად არსებობდეს, ჩვენ არავინ დაგვინდობდა და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა საფეხბურთო წრეებსა თუ სპორტულ მედიაში“.
დღეს გასამართ შეხვედრაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს „ივერიონის“ სახელით წარმატებებს ვუსურვებთ.
ვალერი ვახანია