ივერიონი / შეძლებს თუ არა რუსეთი ახალი ტანკის შექმნას?

შეძლებს თუ არა რუსეთი ახალი ტანკის შექმნას?

ამ კითხვას ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე საკუთარ "ფეისბუქზე" ასეთ პასუხს სცემს:

ეს თემა მაინც აჟიოტაჟს გამოიწვევს და ახლავე დავიწყებ მზადებას.

არის თუ არა შესაძლებელი პრინციპულად ახალი ტიპის ტანკის შექმნა? პასუხი მარტივია, არა, ტანკმა თავისი თავი ამოწურა და მომავალ სამხედრო ბატალიებში ის გამოყენებული იქნება მხოლოდ უახლოეს 30-40 წლის განმავლობაში, შესაბამისად ფინანსებს არავინ ჩადებს მაღალტექნოლოგიური ურმის გამოშვებაში. ტანკები იყო პასუხი პირველ მსოფლიო ომის პრობლემებზე. საჭირო გახდა ოპერატიული სივრცეებზე "ელვისებური " მოქმედება და გაჩნდა ტანკი.

დღეს, მსოფლიო წამყვანი ( პრაგმატული) სახელმწიფოები არ ცდილობენ ტანკების ახალ თაობის შექმნას, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ისინი მხოლოდ არსებულების მოდერნიზაციას ახორციელებენ, იცვლება ჯავშანის მედეგობა, ძრავის სიმძლავრე, ცეცხლის მართვის სისტემები, მაგრამ არ იცვლება ტანკის არსი. ერთადერთი პრინციპულად ახალი შტრიხი ტანკებში არის ცეცხლის მართვის სისტემები, რომელიც აუმჯობესებს საბრძოლო სისტემის ეფექტიანობას ( ძებნის, აღმოჩენის, იდენტიფიცირების, დამიზნების და დაზიანების უზრუნველყოფაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე), მაგრამ ქვემეხი კვლავ მექანიკური სისტემაა, რომლის განვითარებას ზღვარი გააჩნია. 

პრინციპულად ახალი ჯავშან მანქანის გამოგონებაზე რა თქმა უნდა მიდის მუშაობა, მაგრამ ის ბრძოლის სხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მორგებული სისტემა იქნება და არა სახეცვლილი ტანკი.

რაც შეეხება რუსულ ტანკს, ის შეიძლება მართლაც კარგი მონაცემების ტანკი აღმოჩნდეს, მაგრამ რამდენად გამართლებული იქნება ფინანსების ხარჯვა იმაში, რაც არ მისცემს საშუალებას ქვეყანას მოიპოვოს გადამწყვეტი უპირტესობა? 

პ.ს.

ფრანგული ტანკები ტექნიკური მონაცემებით ( ქვემეხი, ჯავშანი) ჯობნიდნენ გერმანულს, მაგრამ ომი ორ კვირაში უკვე წაგებული ჰქონდათ. საბჭოთა ტანკები ტ26, ბტ7 ერთი თავით მაღლა იდგენ გერმანულებზე, ტ-34 და კვ-1 ათი თავით მაღლა, რაოდენობრივადაც საბჭოთ არმი უკეთ გამოიყურებოდა 13 000 ტანკი-2800 წინააღმდეგ შეხების ზოლზე ( სულ 27 000 საბჭოთა 3600 გერმანულის წინააღმდეგ) მაგრამ საბჭოთა ფრონტები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიშალნენ და განადგურდნენ. სამხედრო საქმის ნიუანსიც სწორედ იმაშია, როგორ არის ორგანიზებული ერთიანი საბრძოლო მანქანა და რამდენად ეფექტიანად მუშაობს როგორც ერთიანი სისტემა.

პ.ს.ს.ს.ს.

ეჭვი მეპარება, რომ დღეს რუსეთს შეუძლია პრინციპულად ახალი ტიპის ტანკის შექმნა და ათვისება.

მეორეც, რუსული არმიის სრულ და საფუძვლიან მოდერნიზაცია-ტრანსფორმაციის გარეშე, სულერთია ეს არმია მშვილდებით იქნებიან შეიარაღებული თუ არმატებით.

 

23-02-2015, 13:30
უკან დაბრუნება