ივერიონი / მანანა ნიკოლაიშვილი: საგნის არჩევითობის პრინციპი მავნე პრაქტიკაა და უნდა დასამარდეს!

მანანა ნიკოლაიშვილი: საგნის არჩევითობის პრინციპი მავნე პრაქტიკაა და უნდა დასამარდეს!

ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ატესტაციისა და ეროვნული გამოცდები გაერთიანდეს. ამის შესახებ ნიკოლაიშვილი "ალიას" ესაუბრა .

"სხვადასხვა ვარიანტია. ერთ-ერთი ვარიანტია ის, რომ სავარაუდოდ, ორი ტესტი უნდა იყოს "ა" და "ბ". პირველი "ა" ტესტი იყოს უფრო მარტივი, რომელიც ბავშვის მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებს და რომლის გადალახვითაც მიიღებს ატესტატს. ხოლო "ბ" ტესტი კი უნდა იყოს მხოლოდ იმ საგნებში, რომელიც მაპროფილებელია იმ ფაკულტეტისთვის, რომელზეც აბარებს კონკრეტული ბავშვი. ის მავნე პრაქტიკა, რაც ახლა მოქმედებს, საგნის არჩევითობის პრინციპს ვგულისხმობ, რადგანაც ქართულ წერას, უნარებსა და ინგლისურს ყველა ხომ აბარებს, მეოთხე საგანი კი არის არჩევითი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არ შეიძლება, სიტყვაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ ფაკულტეტზე გეოგრაფიით ეწყობოდეს ბავშვი. საგნის არჩევითობის პრინციპი მავნე პრაქტიკაა და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასამარდეს.

მაისის ბოლოს მთავრდება საატესტატო გამოცდები და ივნისის ბოლოს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები, ბავშვს ერთი თვის მანძილზე უწევს ამ ორ გამოცდაზე გასვლა და საუბარია ამ გამოცდების შერწყმაზე. ანუ მოიხსნება ერთიანი ეროვნული გამოცდები და ამ გამოცდების გაერთიანება, ვიმეორებ, სხვადასხვა ფორმით მოხდება", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

 

 

24-02-2015, 12:10
უკან დაბრუნება