"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მოცემული დადგენილება პრობლემებს ქმნის რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ 2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად. ანუ, სქემის პირველი შედეგები დაიდება რეალურად მხოლოდ 2016-2017 წლის ბოლოსთვის, 2017-2018 წელს.
აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა კარიერული წინსვლა და ფინანსური მდგომარეობა ორი წლით არის გადადებული. რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში სკოლაში ვერანაირი რეფორმა ვერ განახორციელა.
შეშფოთებას იწვევს მასწავლებელთა შეფასების სტრატეგია.
მასწავლებლის სტატუსს ანიჭებს არა დამოკიდებული, ნეიტრალური ინსტიტუცია, არამედ დირექტორის მიერ ჩამოყალიბებული ბიუროკრატიული ჯგუფი, რომლის წევრების კომპეტენცია ცხადად არაა განსაზღვრული და ქმნის შესაძლებლობას, რომ შეფასების ჯგუფში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, რომლებსაც წინა წლებში მასწავლებლის სერტიფიკატი არ, ან ვერ აუღიათ.
აქედან გამომდინარე, დირექტორის მიერ შერჩეული ჯგუფების შეფასებისას იზრდება სუბიექტური ფაქტორები, რაც შექმნის კორუფციისა და ნეპოტიზმის საფრთხეს;
სკოლაში იქმნება არაკოლეგიალური, კონფლიქტური გარემო.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღეისთვის საქართველოში არსებული 2084 სკოლიდან 978 სკოლას არ ყავს შესაბამისი წესით არჩეული დირექტორი.
შეფასები არ არის ორიენტირებული მოსწავლეზე, რადგან მასწავლებლის შეფასებისას გათვალისწინებული არ არის მოსწავლის შედეგი, როგორც განმსაზღვრელი კრიტერიუმი.
რაც შეეხება თავად სქემას:
სქემის შედგენით, განათლების სამინისტრო და მთავრობა ეუბნება სასკოლო საზოგადოებას, რომ დღეს სკოლაში არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელიც იმსახურებს მათ მიერ აღიარებულ უმაღლეს სტატუსს, ხოლო მესამე საფეხურის სტატუსს შეესაბამება მხოლოდ 100 მასწავლებელი.
სქემა არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვისაც აღებული აქვთ სერთიფიკატი და ამჟამად არ არიან მოქმედი პედაგოგები. სქემა უუფლებოდ ტოვებს 2500 სერტიფიცირებულ მასწავლებელს, მათ შორის 1000 ლარიან ყოფილ მასწავლებლებს. შესაბამისად, სქემაში არ არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის დაწყება.
სქემის მიხედვით წელს იგეგმება დაახლოებით 5000 მასწავლებლის განთავისუფლება, რადგან ამჟამად არის 65000 მოქმედი მასწავლებელი, ხოლო ბიუჯეტი გათვლილია მხოლოდ 60100 პედაგოგზე.
სქემა ისე არის აგებული, რომ წარმატებული უფროსი მასწავლებელი დოქტორის ხარისხის გარეშე ვერ მიაღწევს შემდგომ ორ უმაღლეს კატეგორიას. მასწავლებელი, რომელიც კვირაში ატარებს 18 საათს, ზრუნავს უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებაზე, ფიზიკურად ვერ შეძლებს, რომ პარალელურად სრულფასოვნად ისწავლოს დოქტორანტურაში და დაიცვას სადოქტორო.
მთავრობის ეს დადგენილება შეიძლება შეფასდეს, როგორც სასკოლო განათლების რეფორმის სტაგნაციის დამადასტურებელი საბუთი. გარკვეული მიმართულებით კი, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი." - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.