ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეუჩერებელ პროცესს ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
"დღეს უკვე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი მსოფლიოში. დავძლევთ როგორმე. მთავარია მთავრობამ, იმ შეცდომებს, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა, არ დაუმატოს კიდევ უფრო მეტი და არ დაუდოს საფუძველი ეკონონიკის ნგრევას. ნურავინ შეეწინააღმდეგება ფასების საბაზრო წარმოქმნას და პოლიტიკური მიტივით გაზზე, ელექტროენერგიაზე და სხვარეგულირებადი ფასების ზრდის შეჩერებას. ეს იქნება მხოლოდ დროებითი, შეკუმშული ზამბარის ეფექტის მქონე, რომელიც მძიმედ დაარტყამს უკუვარდნისას მთელ ქვეყანას და განსაკუთრებით ხელისუფლებას.
უნდა შეწყდეს დემაგოგიური და არაკომპეტენტური დაპირებები წამლებისა და სხვა საქონლის სუბსიდირების შესახებ. ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს. მისი მცდელობა ამ ბაზარსაც მოშლის და შედეგიც ნულის ტოლი იქნება.
ახლა მთავარია მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება. ყოველი მცდელობა რეიტინგის შენარჩუნების კონტექსტში ქმედებისა, იმ რეიტინგსაც ნულამდე დასცემს დაქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც.
შეკვეცა ჩინოვნიკების რაოდენობასაც და ხელფასებსაც არ შეეხებაო! ნურას უკაცრავად! როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, პარტიული მხარდამჭერები გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ ხალხი."- წერს რომან გოცირიძე.