ივერიონი / ვალერი კვარაცხელია: NATO-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე ფიქრიც ქვეყნისთვის შუბლში დახლილ ტყვიას ჰგავს

ვალერი კვარაცხელია: NATO-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე ფიქრიც ქვეყნისთვის შუბლში დახლილ ტყვიას ჰგავს

ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული ეთნიკური უმცირესობების აზრი და არ განათავსოს NATO-ს სასწავლო ცენტი საქართველოს ტერიტორიაზე. ამის შესახებ პარტია "ნეიტრალური საქართველოს" თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიამ "საერთო გაზეთთან" საუბრისას განაცხადა.


"ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს და უნდა იფიქროს იმაზე, თუ რას რა მოჰყვება შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს დაშლის პროცესი გაგრძელდება და აი, რატომ: საქართველოში არის არაქართული მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები, სადაც მოსახლეობა ისევე არ ეთანხმება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, როგორც არ ეთანხმებოდა ამას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობა. აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლობამ და მათი პოზიციების იგნორირებამ სადამდე მიგვიყვანა, იმედია, ყველა ხედავს. ამას თუ იმასაც დვაუმატებთ, რომ რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია NATO-ს ყოველგვარი გაფართოებისა რუსეთის საზღვრებთან მის მისაახლოებლად, რის შესახებაც რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გველაპარაკებიან, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოს იმ ცალკეული რეგიონების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრი ისევე ემთხვევა რუსეთის საზოგადოებრივ აზრს, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში დაემთხვა. ეს კი არ გაართულებს საქართველოს მდგომარეობას, არამედ სრულიად უპერსპექტივოს გახდის.


ამ ვითარებაში NATO-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე ფიქრიც კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნისთვის ზურგში ჩაცემულ მახვილს, ან, თუ გნებავთ, შუბლში დახლილ ტყვიას ჰგავს, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ამ ქვეყნის გადარჩენას", - განაცხადა კვარაცხელიამ.

25-02-2015, 13:43
უკან დაბრუნება