ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მთავრობის განსაკუთრებით დიდი მოცულობის ხარჯების შესახებ ხდება ცნობილი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 147 მილიონი ლარი ავტომობილების შესაძენად დაიხარჯა. ავტოტრანსპორტის უმსხვილეს შემძენებს შორის არიან შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროები.
შსს-მ საპატრულო პოლიციისთვის მანქანების შეძენაში 31 მილიონი დახარჯა. ჯანდაცვის სამინისტრომ - 10 მილიონი ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ათეულშია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, რომელმაც 7 მანქანა მხოლოდ იმისთვის შეიძინა, რომ "ევროპის განვითარებისა და რეკოსნტრუქციის ბანკს" დახვედროდა.
"ჩვენ დავუთვალეთ და იგივე თანხა რომ პენსიონერებზე გადანაწილებულიყო, პენსია 7 ლარით გაეზრდებოდათ," - აცხადებს ორგანიზაციის მკვლევარი ანა დაბრუნდაშვილი.
"დასუფთავების მანქანები, პატრულის მანქანები, სახანძრო მანქანები - თავისთავად ცხადია, რომ აღნიშნული ტიპის მაქანების შეძენა ხდებოდა და მოხდება იმისთვის, რათა ინფრასტრუქტურა იყოს გამართული. რაც შეეხება "იბიარდის" სამასპინძლოდ შეძენილ მანქანებს, ეს მანქანები ქვეყანაში დარჩება," - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ თანხები სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად იყო დახარჯული.
"გიდასტურებთ, რომ 10,8 მილიონი ლარი დაიხარჯა მთელი საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოპარკის სრული განახლებისათვის. ჩვენ ამ თანხით შევიძინეთ 180 სასწრაფო დახმარების თანამდროვე მანქანა," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გამოცხადებული ტენდერი მინისტრმა გააუქმებინა. სოზარ სუბარი ამბობს, რომ "სასჯელაღსრულბის დეპარტამენტს დამოუკიდებელი საბიუჯეტო კოდი აქვს. შეთანხმება ჩემთან არ იყო საჭირო. თუმცა, ჩემი კატეგორიული მოთხოვნით, მათ ეს ტენდერი გააუქმეს."
ათეულში მოხვდა ქალაქის მერიაც, რომელმაც 4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. დღევანდელი ქალაქის მთავრობა ამბობს, რომ შესყიდვა მათი მოსვლის შემდეგ არ განხორციელებულა და კითხვები დახარჯულ 4 მილიონზე მხოლოდ წინა ხელისუფლებას ეკუთვნის.
თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" შენიშვნას არ იღებენ. დღევანდელ ხელისუფლებას არსებულ ტენდერებს ახსენებენ და თავად დავით ნარმანიას ასიათასლარიან "ტოიოტას" ჯიპზეც ლაპარაკობენ, რომლითაც ქალაქის მერი გადაადგილდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს ტენდერები კანონიერია. თუმცა სახელმწიფო მოხელეებს არასამთავრობოები ეთიკას ახსენებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში მიდმინარე პროცესების დროს ასეთი ხარჯის გაწევა ხელისუფლების მხრიდან არაეთიკურია.