- მამაო,საქართველოში მასშტაბური ხასიათი შეიძინა ე.წ. სუროგაციამ. ამ გზით გაჩენილ ქართველ ბავშვებს (თურმე) ერთსქესიან უშვილო უცხოელ წყვილებზე აშვილებენ. რატომ არ რეაგირებს ეკლესია?
-ეკლესია მსგავსი სიმახინჯის წინააღმდეგ ყოველთვის ილაშქრებს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს ბრალდება. არ მგონია, ეს ფაქტი საპატრიარქომ იცოდეს და ხმა არ ამოიღოს.
მე ვიცი, რომ სხვადასხვა ეპარქიაში არსებობს სკოლები და ბაგა-ბაღები მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის, სადაც სითბო და სიყვარული, საკვები და განათლება არ აკლიათ, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, როცა ბავშვი მშობლის გარეშე იზრდება. რაც არ უნდა მძიმე იყოს ოჯახური მდგომარეობა, მოზარდს მაინც მშობლების გარემოცვაში ურჩევნია სირთულეების დაძლევა. ეკლესია, როგორც ავღნიშნე, ცდილობს იზრუნოს ყველა მიუსაფარზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ვფიქრობ, მეტის გაკეთებაც შეიძლება. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს მომავალში.
- მალე კანონად იქცევა საქართველოს პარლამენტში განსახილველად შეტანილი კანონპროექტი, რომელიც ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე უპრობლემოდ მიყიდვას ითვალისწინებს. ქართველ გლეხს კი უმიწოდ დარჩენა ემუქრება. ამაზე რატომ დუმს ეკლესია?
-მისი უწმინდესობა ხშირად ქადაგებს იმაზე, რომ საქართველოდან გადახვეწილი ყველა ქართველი საკუთარ ფესვებს დაუბრუნდეს და მშობლიურ მიწასთან სიახლოვით შეეცადოს, როგორც ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ხელი შეუშალოს საკუთარი მიწა-წყლის გასხვისებას.
ხშირად მეც მომისმენია მისი უწმინდესობისგან, რომ ეპარქიებში შეძლებული ადამიანების დაინტერესებით მოხდეს მიწების შეძენა და ქართულენოვანი მოსახლეობის დამკვიდრება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა საზღვრისპირა რეგიონებშია. მარტო ეკლესია ვერაფერს გახდება, თუ სახელმწიფოს კეთილი ნებაც არ იქნება.
- საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა საგანგაშოა. ეკლესიებში რა მდგომარეობაა ამ მხრივ და შეუძლია თუ არა მას სახელმწიფოს დახმარება?
-ეკლესია მატერიალურად თვითონ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე. სახელმწიფო კი ეკლესიისგან ლოცვით შეწევნას ყოველთვის გრძნობს, მაგრამ მსგავსი მდგომარეობა მარტო ეკონომიკური კრიზისის ბრალი არ მგონია იყოს. ეს განსაცდელი არასწორი ქმედებების შედეგია. ეხება თუ არ ეხება, ყველა პოლიტიკოსობს. ერში საშინელი ამბიცია, ბოღმა, სიძულვილი, შური და აგრესია დაგროვდა. ეს ყველაფერი უმოქმედობის ბრალია. უსაქმურად დარჩენილები არასწორად რეალიზდებიან... ეს უფრო სავალალოა ჩემთვის, ვიდრე ,,ოცნებაგაცრუება''... ეკლესიამ ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს, რომ ,,ყოველი კაცი ცრუ არს''... მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენი გამოსწორებისთვის ხდება ყველა დაბრკოლება...
-თქვენი, როგორც მოძღვრის აზრით, რისი ბრალია, რომ საქართველო თავს ვერა და ვერ აღწევს ახალ-ახალ მოვლენილ განსაცდელს?
-საოცარ სიტყვებს ამბობს მეთოთხმეტე საუკუნის ისტორიკოსი, ერს, რომელმაც ქრისტე დაივიწყა, დამსჯელად მონღოლები მოევლინაო...
სულიერი კრიზისიდან იწყება ყველა უბედურება. კარგია, რომ ამდენი ეკლესია-მონასტერი შენდება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს პიროვნებების ნგრევის ხარჯზე! როცა ხელგამოწვდილ ადამიანს ეტყვი, შენ ვერ დაგეხმარები, იმიტომ, რომ სამრეკლო მაქვს ასაშენებელიო, ორმაგად სცოდავ. იმ ადამიანსაც უკარგავ ღვთის რწმენას და შენი ე. წ. ქველმოქმედებაც ღვთისგან არ შეიწირება, რადგან არასწორია.
უფალი ბრძანებს, ერთი ადამიანის სული უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებულიო. რაც არ უნდა ვაშენოთ და ვამშვენოთ, სიზიფეს ლოდის მსგავსია, თუ ადამიანის სულს არ ემსახურება. მერე იტყვიან, ამდენ სიკეთეს ვაკეთებ და მაინც მძიმე მდგომარეობაში ვართო. სიკეთის კეთებასაც ნიჭი უნდა. უნიჭოდ გაკეთებულმა სიკეთემ შეიძლება ბოროტება წარმოშვას...
-თქვენი აზრით, იკლო თუ იმატა მრევლმა ეკლესია-მონასტრებში და რა არის ამის განსაკუთრებული მიზეზი?
-კლება უფრო შეინიშნება, ვიდრე მატება. ალბათ იმიტომ, რომ "რაღაცის" გამო უფრო დადიოდნენ და ეს ,,რაღაც'' ყველაზე ნაკლებად იყო რწმენა.
ადამიანებს გარეგნული სანახაობა იზიდავთ, უფალი კი შინაგანზე გვმოძღვრავს. ჩვენს სისუსტესაც სხვას ვაბრალებთ, ოღონდ თავი გავიმართლოთ და მზად ვართ, ჩვენი ნაკლიც სხვას გადავაბრალოთ.
დღევანდელი ,,მორწმუნეები" ხშირად ხმარობენ სიტყვა ,,დავბრკოლდის"... რწმენა გაქვს ან არ გაქვს და თუ კონკრეტული ადამიანის გამო დაბრკოლდი, შენი რწმენაც მოჩვენებითი ყოფილა. მესმის, ვიღაც ალბათ გაბრკოლებს, მაგრამ, როგორ შეიძლება, ყველამ დაგაბრკოლოს და ყოველთვის სხვისი ბრალი იყოს.
კონკრეტული ადამიანები ცდებიან, ეკლესია და მისი სწავლება კი არასდროს ცდება. ,,სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნოს შენ"... ავაზაკის რწმენას, მაგდალინელის ცრემლებს და პეტრეს სინანულს ვისურვებდი... ავაზაკი მისმა რწმენამ შეიყვანა სამოთხეში. განვლო საუკუნეებმა, არაერთმა მორწმუნემ გაიარა ეკლიანი გზა ქრისტესი, მაგრამ კაცთაგან არავის აღმოხდენია იმგვარად სრულყოფილი ლოცვა, ჯვარცმულ ავაზაკს რომ აღმოხდა, არც ვინმეს სმენია იმგვარი იმედის მიმცემი სიტყვები, ავაზაკს რომ ესმა ლოცვის პასუხად სამყაროს ჯვარცმული შემოქმედისგან: - "... დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა". ქრისტეს გზაზე ყველა ადამიანს საკუთარი ამპარტავნება აბრკოლებს... უფალმა დაგვიცვას საკუთარი მანკიერებებისგან. ამინ!
ესაუბრა ია ჯღარკავა