მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებისთანავე, "საქართველოს ბანკმა" მსესხებლებისთვის "უპრეცედენტო შეთავაზება" დააანონსა, შეიქმნა მოლოდინი, რომ ბანკის კლიენტები რეალურ შეღავათს მიიღებდნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, ბანკი კრედიტის მომსახურების ვადებს მხოლოდ საუკეთესო საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტებს უხანგრძლივებს – ანუ მათ, ვისაც კრედიტის რესტრუქტურიზაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების გარეშე, ჩვეულ რეჟიმში, თხოვნის შემთხვევაში უნდა უკეთებდეს.
ამასთან, შეზღუდვები კარგ კლიენტებსაც შეეხო – რესტრუქტურიზაციით მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, ვისაც ბინით ან ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი აქვთ.
"კომერსანტს" ბიზნესკომპანიაში დასაქმებულმა ერთერთმა მკითხველმა მიმართა, რომელიც აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ დღეს "საქართველოს ბანკმა" მას სესხის რესტრუქტურიზაციაზე უარი უთხრა. მისი თქმით, ბანკმა უარი იმით ახსნა, რომ მას 2009 წელს, ომის შემდგომ პერიოდში, კრედიტზე ვადაგადაცილება აღმოაჩნდა.
"როგორც კი საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა პრესკონფერენცია დაასრულა, დავურეკე ჩემს კრედიტოფიცერს და ვთხოვე სესხის რესტრუქტურიზაცია. მან კი მითხრა, რომ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან 2009 წელს ვადაგადაცილება მიფიქსირდება. გახსოვთ, რა სიტუაცია იყო მაშინ ქვეყანაში, და რამდენი ადამიანი აღმოჩნდა კრიზისულ სიტუაციაში. 2011 წლიდან უკვე არსებული გრაფიკით ვფარავ სესხს, მაგრამ საქართველოს ბანკმა ეს არ გაითვალისწინა და 2009 წლის გადაცილების გამო კრედიტის რესტრუქტურიზაციაზე უარი მითხრა. არ მესმის, რა უპრეცედენტო შეთავაზებაზეა საუბარი, როდესაც სრულიად "სუფთა" კლიენტს ბანკი რესტრტუქტურიზაციას ნებისმიერ დროს, ვალუტის ყოველგვარი გაუფასურებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დავალების გარეშე უნდა უკეთებდეს. ყოველ შემთხვევაში, ცივილიზებულ ქვეყანაში," – აცხადებს "კომერსანტის" რესპონდენტი.
გუშინდელი ანონსის მიუხედავად, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის დღევანდელი პრესკონფერენცია მომხმარებლებისთვის სრული იმედგაცრუება აღმოჩნდა, რადგან ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, რომელიც დანარჩენი საბანკო სისტემისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, ზარზეიმით გამოაცხადა ის, რაც ბანკის მუშაობის ელემენტარულ სტანდარტს წარმოადგენს. საქმიან წრეებში საქართველოს ბანკის "უპრეცედენტო შეთავაზებამ" ირონია გამოიწვია. ასევე გაისმა კრიტიკა სოციალურ ქსელებში.
საქართველოს ბანკმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება უკვე გააკეთა.
"სიმართლეს არ შეესაბამება ის, თითქოს მომხმარებელს საქართველოს ბანკში უარი უთხრეს აშშ დოლარში გაცემული სესხის რესტრუქტურიზაციაზე. საქართველოს ბანკის მიერ გაკეთებული შეთავაზება, რომელიც გულისხმობს ფიზიკური პირებისთვის, ვისაც შემოსავალი აქვს ლარში, ხოლო სესხი - აშშ დოლარში სესხის ვადის ავტომატურ გახანგრძლივებას, რის შედეგადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ლარში ყოველთვიურად გადაიხადოს იმდენივე, რასაც იხდიდა დევალვაციამდე, ძალაში შედის ორშაბათს, 2 მარტს.
მსესხებელს, ვისაც აქვს კარგი საკრედიტო ისტორია ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე გაუხანგრძლივდება სესხის ვადა. რაც შეეხება იმ მსესხებელს, რომელსაც ვადაგადაცილება უფიქსირდება, ასევე შეუძლია მიმართოს ბანკს აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისთვის და ბანკი მას აუცილებლად განიხილავს,"– აცხადებენ ბანკში.
ბანკის ცხელ ხაზზე განმარტავენ, რომ სესხების რესტრუქტურიზაცია შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ბინით ან ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს, და არ გავრცელდება დოლარში გაცემულ სხვა კრედიტებზე, მათ შორის საკრედიტო ბარათებზე.
წყარო: commersant.ge