სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს გავრცელებული ინფორმაცია ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას გლდანის №7 სასჯელარსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, დაადასტურა. მისი განმარტებით, ეს მსჯავრდებულის უსაფრთხოების მიზნით მოხდა.
"ბაჩო ახალაია გადაყვანილია №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს ციხე ყველაზე უკეთ არის დაცული. ახალაია იზოლირებული არა მარტო სხვა პატიმრებისგან, არამედ მთლიანად ციხის განცალკევებულ ნაწილში იქნება. ამ ციხეში ყველაზე ცოტა _ 35 პატიმარია და ნაკლებია შანსი, რომ მას ვინმემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს", _ განმარტა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გლდანის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს ე.წ. კანონიერი ქურდები და მძიმე დანაშაულში ბრალდებულები იხდიან.
ამ ინფორმაციას მინისტრიც ადასტურებს. "ვადასტურებ, რომ აღნიშნულ ციხეში მართლაც იმყოფებიან კანონიერი ქურდები და მძიმე დანაშაულში ბრალდებულები, მაგრამ ასეთი პატიმრები სხვა ციხეებშიც იხდიან სასჯელს, ახალაიას უსაფრთხოება ყველაზე მეტად იქ იქნება დაცული", _ განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე სოზარ სუბარმა.