"ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლებაში პუტინია, უნდა დავივიწყოთ სიტყვა პრივატიზაციის კონტექსტი "საქართველოს რკინიგზასთან" მიმართებაში.
გოცირიძე აცხადებს, რომ რკინიგზის თემაზე საუბარი პროვოკაციაა. ან შეგნებული ზონდირებაა იმისა, რომ მოსახლეობა რაღაცას შეაგუონ "ვინც არ უნდა იყიდოს, ეს წილი აუცილებლად აღმოჩნდება რუსეთის ხელში, როგორც ეს "თელასის" შემთხვევაში მოხდა, ამიტომ უნდა შეწყდეს ასეთი არაპროფესიონალური და არასერიოზული საუბარი. ვიდრე ხელისუფლებაში არის პუტინი, უნდა დავივიწყოთ სიტყვა პრივატიზაციის კონტექსტი რკინიგზასთან მიმართებაში", - განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძემ ქვეყანაში ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით არსებულ პროცესებზეც ისაუბრა. მისი თქმით, "სამწუხაროდ, ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის დევალვაციას ნეგატიური შედეგები აქვს".
"რაც უკვე მოხდა, იმ გაუფასურების ფარგლებში ჩვენ უნდა ველოდოთ ეკონომიკაში გარკვეულ ცვლილებებს. ეს საბოლოოდ აზარალებს ეკონომიკის ზრდას, იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებასა და ფასების ზრდას. თუ რა მასშტაბებით მოხდება და რამდენად იქნება მოსახლეობისთვის თუ ბიზნესისთვის მტკივნეული, ეს დამოკიდებულია მთავრობის შემდგომ ქმედებებზე, ამიტომ მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გაატაროს და თან ძალიან სწრაფად. პირველი - სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პრივატიზაცია, რომელიც საერთოდ დავივიწყეთ და 2 წელია არ გვსმენია. როგორც ამბობენ, დაახლოებით, 300-350 მილიონის მოზიდვა შეიძლება ძალიან სწრაფად იმ ობიექტებით, რომლებიც საპრივატიზაციოდ მოაზრებულია. მე-2 - სასწაფოდ უნდა მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება. ფაქტობრივად, ამ ორ თვეში დაიხარჯა 1.2 მილიარდი ლარი, თვიური ხარჯი არის სადღაც 600 მილიონი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ტვირთი ისევ გადავა მომავალ ნოემბერ-დეკემბრის თვეში და რომ არ განმეორდეს იგივე, რაც მოხდა წელს, ბიუჯეტის კორექტირება ახლავე უნდა დავიწყოთ. მთავრობა ნუ მიეცემა ილუზიას და ნუ ფიქრობს, რომ ის გამოვა ბიუჯეტის შეცვლის გარეშე - გინდ კორექტირება ვუწოდოთ და გინდ სეკვესტრი, ეს აუცილებელია", - განაცხადა გოცირიძემ.