ივერიონი / ნაცრუპორების დემარში საქართველოში, ანუ ხელები შორს ელისო კილაძისგან!

ნაცრუპორების დემარში საქართველოში, ანუ ხელები შორს ელისო კილაძისგან!

როგორც წესი, დიდმარხვის დღეებში ვცდილობ თავი შევიკავო ადამიანების განკითხვისგან (ბედნიერი ვიქნებოდი, საერთოდაც რომ შემეძლოს!), მაგრამ არის თემები, რომელიც მაიძულებს კეისარს კეისრისა მივუზღო, რათა შემდეგ ჩემმა გაჩუმებამ მწარე ნაყოფი არ გამოიღოს!

ამ ორიოდე დღის წინ „ივერიონში“ ქ-ნ ელისო კილაძის ფეისბუქსტატუსი გამოქვეყნდა. სტატუსი მისთვის დამახასიათებელი ინტრიგებით გამოირჩეოდა და ჟურნალისტმაც შესაფერისი სათაური შეურჩია, რაც კილაძის თქმით, ისე იკითხება, თითქოს იგი ბაჩო ახალაიას ამართლებდეს!

„ივერიონი“ სენსაციებზე დაგეშილი მედია-საშუალება არ არის. აქედან გამომდინარე, უადგილოა ჩვენთვის იმის დაბრალება, რომ კილაძის „ექსკლუზივი“ ბოროტად გამოვიყენეთ და„არაკითხვადი“ (ეს ქ-ნ ელისოს „თანამოაზრის“ სიტყვებია, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდებით) სააგენტო მკითხველის ყურადღების არეში მოვაქციეთ!

სტატუსის გამოქვეყნებისთანავე, ქ-ნი ელისო კილაძე აწრიალდა,  აქცენტი ჩემზე გადმოიტანა და კატეგორიულად მომთხოვა „ცილისწამებლური“ სიტყვები გამესწორებინა. კიდევ ერთხელ გადავიკითხე კილაძის „ექსკლუზივი“, მაგრამ მსგავსი ცილისწამება ვერაფერი ვიპოვე...

თუმცა, ხელოვნური აჟიოტაჟი ამით არ ამოწურულა- კილაძის გუშინდელი ტონი უფრო კატეგორიული აღმოჩნდა - თუ არ გავასწორებდი „შეცდომებს“, პროკურატურაში ჩივილითაც დამემუქრა, თან მომთხოვა, მომავალში თავი შემეკავებინა მისი სტატუსების გაპიარებისგან, რადგან სურვილი არ ჰქონდა, რუსეთის მიერ დაფინანსებულ სააგენტოს მისი ნიუსები და სტატუსები გამოექვეყნებინა!

ჩემის მხრივ აღნიშნულ მუქარას 5 პუნქტიანი კომენტარით ვუპასუხე და დავპირდი, რომ თუ არ მაიძულებდა, მისი სახელისა და გვარის „ივერიონში“ ხსენება არ იქნებოდა. სტატუსი კი მთლიანად წავშალე!

ქ-ნმა ელისომ კომენტარს კომენტარითვე უპასუხა და „ივერიონის“ რუსული ფულით დაფინანსებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რასაც ჩემის მხრიდან ადეკვატური პასუხი მოჰყვა. თუმცა, ჩემი სიტყვები  მკითხველისთვის გასაგები რომ არ ყოფილიყო, იმავე წამში დამბლოკა.

მეგონა ინციდენტიც ამით ამოიწურა.

სამწუხაროდ, შევცდი. რადგან თავი სამშვიდობოს დაიგულა, ცალ კარში დარტყმებს მოუხშირა და მისთვის ჩვეული ეპითეტებით შეგვამკო: „ვერ იგებენ აშკარად რას ვწერ, ან შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას“, „არ უნდა მოიგონონ, რაც არ მითქვამს“!

 



ხატი, რჯული, კილაძის სტატუსებით სპეკულირება  და მოგონილი პროვოკაციებით „კითხვადობის“ ამაღლება არ გვიცდია. თვითონ კი ეცადა შეგნებულ „დეზინფორმაციაში“ დაედანაშაულებინა „ივერიონი“ და ამით რუსეთუმე მედია-საშუალების იმიჯი შეექმნა .

კილაძეს ვიღაც ფატი ხარშილაძის სახით თანამოაზრეც გამოუჩნდა და აბობოქრებული მეგობარი დაამშვიდა: „დაიკიდე (ქალი რომ ამას დაწერს!) არაკითხვადებმა ხომ უნდა დაწერონ რამე ისეთი“.

 



„ივერიონი“ ხარშილაძისნაირ მკითხველებზე არ ნადირობს და არც სურვილი აქვს „Top.ge“-ში რეიტინგის აწევას ნაყიდი ხმებით, ან პროვოკაციული თემებით მიაღწიოს _ ზოგიერთი მედიასაშუალების 50000-იან სხვადასხვა მაქინაციებით „გამოწოვილ“ მკითხველს ჩვენი 3000-იანი ნაღდი მკითხველი სჯობს. მითუმეტეს, „ივერიონი“ ობიექტური ინფორმაციებითა და ანალიზით ცდილობს შექმნას რეალური სურათი და მოსალოდნელ საშიშროებაზეც პირუთვნელად ისაუბროს - ჩვენ არც „ნაციონალისტები“ ვართ და არც „ოცნებისტები“.

სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტის და ჟურნალისტიკის დეფინიცია არეულია - ჩვენში პროვოკაციას ჟურნალისტიკად ასაღებენ, ხოლო პროვოკატორს ჟურნალისტად.

უკვე მეორედ მიხდება იმის აფიშირება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა „რეაქცია“ ყველაზე რეიტინგულია, ხოლო თავად გრიგოლია ყველაზე „ყიდვადი“ და პოპულარული ჟურნალისტი.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მაია ასათიანს, ნანუკა ჟორჟოლიანს, შალვა რამიშვილს, ნანიკო ხაზარაძეს (ჩამოთვლა კიდევ შეიძლება) და მათ იდეურ და-ძმებს პოპულარული ჟურნალისტების მანტია აქვთ მორგებული, ხოლო ნამდვილი ჟურნალისტები ჩრდილში არიან.

არაკოლეგიალობას ვერავინ დამწამებს, მაგრამ ქ-ნ ელისოს კოლეგად ნამდვილად ვერ აღვიქვამ - მისი საქმიანობა ჟურნალისტიკის სფეროს აშკარად სცილდება და სულ სხვა კატეგორიაში გადადის!.. (თუ რა კატეგორიას ვგულისხმობ, ჩემზე უკეთც იცის და არ დავკონკრეტდები).

მართალია, მისი „ჩიტი“ ცხელ-ცხელი ინფორმაციებით ხშირად ანებივრებს ხოლმე (რასაც ინტრიგებს მონატრებულ საზოგადოებას უხვად უნაწილებს), მაგრამ ჩემს შემთხვევაში რომ გაწბილებული დარჩა, ფაქტია - საიდან მოიტანა, რომ „ივერიონს“ რუსული სპეც-სამსახურები (ან ზოგადად რუსები) აფინანსებენ?!

ანგარიშს არავის ვაბარებ, მითუმეტეს ქ-ნ ელისო კილაძეს, მაგრამ „ივერიონს“ ელემენტარული დაფინანსება რომ ჰქონდეს, სხვა პრეტენზია ექნებოდა და ეს ბევრ რამესაც დაეტყობოდა! ჩვენ ცოცხალი მაგალითი ვართ იმისა, თუ რისი გაკეთება შეიძლება შიშველი ხელებით, როცა შენი ქვეყანა გიყვარს!

მეორეც, ქ-ნ ელისოს ჩემზე, როგორც „ივერიონის“ მთავარ რედაქტორზე, „დანოსების“ მოძიება არ გაუჭირდებოდა და რადგან სხვა კომპრომატი ვერაფერი იპოვა, „ივერიონის“ დისკრედიტაცია რუსული ფულით გადაწყვიტა!!!

საკუთარ თავს კარგად ვიცნობ და ასეც რომ იყოს (ანუ, „ივერიონი“ უცხო ქვეყნიდან რომ ფინანსდებოდეს), სარედაქციო პოლიტიკას ვერავინ შემაცვლევინებს - ასე იყო გუშინ, ასეა დღესაც და ასე იქნება მომავალშიც. მე ეს „ივერონის“ მაგალითზეც დავამტკიცე , როცა, ერთი შეხედვით, „სხვის“ საქმეს ვაკეთებდი („ივერონს“ სხვა ჯგუფი აფინანსებდა), მაგრამ ქვეყნის სამსახური გამომივიდა (გადაიკითხონ 2012 წლის ოქტომბრამდე საინფორმაციო სააგენტო „ივერონში“ გამოქვეყნებული ნიუსები და სტატიები და მიხვდებიან, მქონდა თუ არა ვინმეს გავლენა და შემიძლია თუ არა ზოგიერთებისგან განსხვავებით ვიყო პრინციპების ერთგული!).

ასე რომ, რაც არ უნდა ლამაზად შეფუთონ, ნაცრუპორებს მილიონში გამოვარჩევ - ისედაც ერთი სტილი აქვთ, ერთნაირი ლექსიკა. მათი მიზანი საზოგადოების ზომბირება და ანტისახელმწიფოებრივი ძალების მხარდაჭერაა. ამასთან, ზუსტად ესმით ალენ დალესის ფორმულა - მე დაგაბრალებ, შენ თავი იმართლე!!!

მე აქ ვწყვეტ პოლემიკას და არანაირი სურვილი არ მაქვს მომავალში თითიდან გამოწოვილ, პროვოკაციულ „ბრალდებებს“ ვუპასუხო.

ხელები შორს ელისო კილაძისგან!

P.S. ვიდრე ეს  სტატია „ივერიონში“ დაიბეჭდებოდა, უნებლიედ ხელში ჩამივარდა დარეჯან მეფარიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფეისბუქსტატუსი, სადაც იგი ელისო კილაძესთან დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს. ასევე   წავიკითხე ვიღაც დათო გოგიშვილის ფეისბუქმიმოწერა ელისო კილაძესთან, სადაც ბევრ რამეს „ეხდება ფარდა“. მე ინტრიგები არ მაინტერესებს - თვითონ გაარკვიონ ერთმანეთში ვინ „ანგელოზია“ და ვინ „სატანა“, მთავარია, მე არ შემეხონ და ვიდრე ჩემზე რამე ცუდს იტყვიან, პირი გამოირეცხონ!

                                      ზაურ ნაჭყებია


4-03-2015, 11:58
უკან დაბრუნება