საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის, მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს,ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"უამრავი დოკუმენტი არსებობს, არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებასა და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის, ქონების კონფისკაციისთვის და მრავალი სხვა უკანონო მოქმედებებისთვის. სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 ათასი ადამიანი, 300 ათასი საქართველოს მოქალაქე. ოთხნახევარ-მილიონიან საქართველოში ეს უზარმაზარი ციფრია. ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, აღარაფერს ვამბობ მორალზე და ადამიანობაზე. ამ ორი წლის განმავლობაში ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ამ ადამიანების წინაშე. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ შეისწავლა ათასობით ასეთი საქმე. მოგეხსენებათ, დაკავებული არიან და აღძრულია საქმე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მათ მიმართ, ვის საქმიანობასაც უკავშირდება წლების განმავლობაში გამეფებული უკანონობა, უსამართლობა, ადამიანთა დაჩაგვრისა და ღირსების შელახვის ფაქტები. ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, დრო სჭირდება და, რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ. სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის, მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს, რაც სრულიად დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, ვერ ვიჩქარებდით, ყველა პროცესს კარგი გაანალიზება სჭირდებოდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც იყვნენ ამ დანაშაულების ინიციატორები და ორგანიზატორები და ეს უნდა იყოს ყველა ხელისუფალისთვის იმის მაგალითი, რომ საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს ის.