ივერიონი / ტექნიკურ უნივერსიტეტთან კარვების აქცია გრძელდება

ტექნიკურ უნივერსიტეტთან კარვების აქცია გრძელდება

ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტების საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციურ კორპუსთან  სამი კარავია გაშლილი.


უცვლელი რჩება ძირითადი მოთხოვნებიც, რომლებსაც ბოლო რამდენიმე დღეა სტუდენტები ორგანიზაცია "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" სახელით აყენებენ.


აქციის მონაწილეების განცხადებით, ის რაც, პირველ რიგში, უპირობოდ უნდა შესრულდეს, არჩევნების დანიშვნაა, თუმცა ამ საკითხზე ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, არსებული თვითმმართველობა იყო და არის პოლიტიზირებული, არ არის მოტივირებული სტუდენტების უფლებების დაცვაზე, მათი ტექნიკური პრობლემების მოგვარებაზე, ხოლო გამოყოფილი ბიუჯეტი მხოლოდ გასართობი ღონისძიებებისთვის იხარჯება და არ ხმარდება განათლების ხელშეწყობას.


როგორც კარვების აქციის მონაწილე სტუდენტები აცხადებენ, მოთხოვნებზე უარის თქმას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.


მათივე თქმით, წინა დღეების მსგავსად, დღესაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან 20-მდე სტუდენტი ღამეს კარვებში გაათენებს. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს  სხვა უნივერსიტეტებიდანაც შეუერთდნენ.

14-11-2012, 18:26
უკან დაბრუნება