ივერიონი / ნასყიდა დარბუაშვილი: „ყრუ“ და „ბრმა“ მთავრობა თავისი უმოქმედობით ქადაგიძის საბოტაჟს „მწვანე შუქს“ უნთებს!

ნასყიდა დარბუაშვილი: „ყრუ“ და „ბრმა“ მთავრობა თავისი უმოქმედობით ქადაგიძის საბოტაჟს „მწვანე შუქს“ უნთებს!

ლარის კურსის ვარდნაში, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები რომ მონაწილეობდა, ამას მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) პროცესები შეერბილებინა, ამის მაგივრად სებ-მა თვითონვე მოახდინა უარყოფითი პროცესების ინიცირება და ვითარების კონტროლიდან გამოყვანა. წლის ბოლოს ლარის მასის ბრუნვიდან ამოღების მაგივრად, 430 მილიონი ლარი დამატებით შეიტანა ბრუნვაში და ამ ფულით დოლარი შეიძინა. ანუ ხელოვნურად გაზარდა ბრუნვაში ლარის მასა, შეამცირა დოლარის მასა და მოახდინა ძალიან მძიმე პროცესების პროვოცირება.

ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული კრიზისი!
 
ისმება კითხვა: სად ჩანს სებ-ის ხემძღვანელობის საბოტაჟი და დანაშაული?

სებ-ის პრეზიდენტმა, ბატონმა ირაკლი ქადაგიძემ განაცხადა, რომ გასული წლის აგვისტოში უკვე იყო სავალუტო კრიზისის ნიშნები, რის შესახებაც აცნობა მთავრობას.  სექტემბერში მთავრობა გააფრთხილა წლის ბოლოს მოსალოდნელ სავალუტო კრისისზეც.

ამ განცხადებიდან ცალსახად კარგად ჩანს, რომ სებ-ის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელობამ კარგად იცოდნენ მოსალოდნელი კრიზისის შესახებ.  მიუხედავად ამისა, სებ-მა დამატებითი ფულის მასის ბრუნვაში შეტანით და უცხოური ვალუტის შეძენით თვითონ მოახდინა უარყოფითი პროცესების ინიცირება, რამაც ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა. აქ სებ-ის ხელმძღვანელობის საბოტაჟის და დანაშაულის ნიშნები იმდენად თვალშისაცემი და ნათელია და იმდენად ზედაპირზე დევს, რომ გამოძიებაც არ სჭირდება!

რა ინტერესი აქვს სებ-ს,  როცა ასეთ დანაშაულებრივ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ატარებს?

მიზეზი სიხარბეა, რომელიც სახელმწიფოს ბევრ სტრუქტურაში, მათ შორის, სებ-შიც ჭარბადაა. მიზეზი სახელმწიფო და კერძო ინტერესების აღრევაშია. მიზეზი უსამართლო კანონებია, რომლის მიხედვითაც, სებ-ი, ერთი ჩვეულებრივი კომერციული სტრუქტურაა, რომლის ინტერესშიც თავის საქმიანობიდან მაქსიმალური შემოსავლების და მოგების მიღება, საკმაოზე დიდი ხელფასები და პრემიებია.

ის, რაც წელს გააკეთა, ასეთ მოქმედებებს სებ-ი ყოველწლიურად აკეთებდა - საქართველოს მოსახლეობის გაღატაკების და მთელი ეკონომიკის დაქცევის ხარჯზე იგი ადრეც დიდ მოგებას ღებულობდა. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ისედაც დაძაბული იყო და განეიტრალება სჭირდებოდა, სებ-ის ხელმძღვანელობამ  "ცდუნებას" ვერ გაუძლო და როგორც წინა წლებში, წელსაც დიდი მოგების მიღება გადაწყვიტა. თავიაანთი ინტერესების დათმობას, ხალხის და ქვეყანის გაწირვა არჩიეს და ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც მივიღეთ.

ლარი ასეთი უაზრო პოლიტიკის შედეგად ყოველწლიურად რყევებს განიცდის, რაც დამანგრევლად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. როდემდის უნდა ეწირებოდეს ქვეყანა ვიღაცების კერძო ინტერესებს? როდის დამთავრდება "ყვარყვარიზმი" საქართველოში? როდის დაიწყება რეალურად ქვეყნის მშენებლობა?

ლარი კვლავ უფასურდება, სებ-ის ხელმძღვანელობა დარწმუნდა, რომ მათი მომკითხავი და გამკითხავი არავინაა, ამიტომ თამამად აგრძელებენ ქვეყნის საბოტაჟს და მოსახლეობის გაღატაკებას. ჩვენი მთავრობა რაღაცა უაზრო „ქამრების შემოჭერითაა“ დაკავებული. ვიტყვი პირდაპირ, ასეთი  „ყრუ“ და „ბრმა“ მთავრობა ჯერ არ მინახავს, ყველაფერს ისე წყნარად ადევნებს თვალს, რომ თითქოს არაფერი ხდება. მთავრობას თავის უმოქმედობით და ეროვნულ ბანკს თავის მოქმედებებით, ქვეყანა კრიზისისკენ მიყავს.

კიდევ ერთხელ მოუწოდებ ჩვენ „ყრუ და ბრმა“ ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კომერციული ბანკების რეფინანსირება, შეისწავლეთ სებ-ის დანაშაულებები და ვინც ხელს აფათურებს მოსახლეობის გაღატაკებაში და ქვეყნის ეკონომიკის დანგრევაში პასუხი აგებინეთ!

9-03-2015, 10:44
უკან დაბრუნება