ამ ბოლო დღეებში საზოგადოებაში არცთუ უსაფუძვლოდ დაგროვილ აგრესიას „ცნობილმა“ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ორიგინალური რეცეპტი“ დაუპირისპირა და საშიში „ბაცილებისგან“ განკურნების წამალიც შემოგვთავაზა:
„თუ არ მოგწონთ, ნუ უყურებთ. რაც მეტია კრიტიკა, მით უფრო მაღალია გადაცემის რეიტინგი, რეიტინგი დიდი ცდუნებაა.
თუ არ უყურეთ, რეიტინგიც არ იქნება, თუ რეიტინგი არ იქნება, ასეთი სტუმრებიც არ იქნებიან. თუ უყურებთ, მაშინ ტვინი ნუ წაიღეთ, რა“.
სწორი ბრძანებაა. არავინ გაიძულებს გაშტერებული მიაჩერდე გია ჯაჯანიძის უკიდურეს უზნეობამდე აწეულ შოუს და იმ სიბინძურით დატკბე, რაც ეკრანიდან იღვრება! კარგია, როცა ადამიანში აღვირახსნილობის დემონსტრირება უკიდურესად უარყოფით ემოციას იწვევს და პროტესტის გრძნობა უჩნდება, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ასეთ „აქტიური“ პროტესტით ამოვშანთავთ თუ არა იმ ბოროტებას, რომელიც თითოეული ჩვენგანის სახლში შემოიჭრა უკვე!..
ზოგიერთისგან განსხვავებით, ვისაც იერიში ტელევიზიის მეპატრონეებზე, პროდიუსერებზე, წამყვანებზე და ამ უზნეობაში ჩათრეულ ძეშეცდომილ თანამოქალაქეებზე გადააქვს, მიმაჩნია, რომ პრობლემა თავად ჩვენშია.
სწორია ნანუკა ჟორჟოლიანი - რეიტინგი დიდი ცდუნებაა, რეიტინგს ფული და ამქვეყნიური ბედნიერება მოაქვს. ამ ცდუნებას ყველა ვერ უძლებს, მაგრამ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ცდუნების მსხვერპლი საზოგადოების ძალიან დიდი მასა ხდება - ისინი ლამაზად ფუთავენ თავიანთ სიბიძნურეს და ჩვენ გვტენიან!..
ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ ზურგი ვაქციოთ და მათი სულების გადასარჩენადაც ვილოცოთ, სოციალურ ქსელში თუ პირად საუბრებში ვბობოქრობთ, ვაპროტესტებთ და გამოსავალს ჯაჯანიძის და სხვა მისნაირი „სუპერწამყვანების“ გადაცემების აკრძალვაში ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ძალიან კარგად ვიცით ამ გადაცემას არავინ აკრძალავს, პირიქით რა უფრო მეტი იქნება აგრესია, ახალ-ახალი „რაკურსებით“ კიდევ უფრო გაგვანებივრებენ...
საქმე იმაშია, რომ ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანის „მაქსიმალური თავისუფლებაა“, რაც ყოველგვარი ზნეობრივი ბარიერის (სულიერი საყრდენის) გადალახვას გულისხმობს - ადამიანი იქცევა ისე, როგორც მას სურს და არ აინტერესებს, რა რეაქცია ექნება მის საქციელზე საზოგადოებას!
კი, მაგრამ კანონი? კანონი ხომ ჩვენთან უმცირესობის უფლებას იცავს მხოლოდ უმრავლესობის ხარჯზე და ამას ჩვენ თავადვე ავუნთეთ მწვანე შუქი!
დიახ, რა უფლება გვაქვს, უხეშად შევიჭრათ ვთქვათ ქალბატონ მერსის ინტიმურ საკითხებში - მას შეუძლია ნახევრად შიშველი მოვიდეს გადაცემაში და ამტკიცოს, რომ ქალიშვილია, ან საერთოდ, რატომ უნდა დაისვას ეს პრობლემა, როცა ქართველი ქალის კდემამოსილება უკვე ანაქსონიზმად ვაქციეთ? ან ვინ გვეკითხება ყოფილი მედავითნე გაშიშვლდება თუ არა „ფლეიბოისთვის“ და ამით პოპულარობის ზენიტში აღმოჩნდება?!
მათ ჩვენზე უკეთ იციან, რომ უფალმა თავისუფალი არჩევანის უფლება მოგვცა და ის, რასაც ისინი აკეთებენ, მათი არჩევანია!
ვერ შევედავებით... რაც არ უნდა მოვინდომოთ, ვერ ავკრძალავთ - ამისთვის არც კანონი გვიწყობს ხელს და არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ბედოვლათი კანონმდებლები ერის ზნეობრივი სიწმინდის დაცვისთვის მიმართულ კანონპროექტს ხელს აუწევენ!
გამოსავალი ერთია და ეს ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად გვიკარნახა - არ ვუყუროთ! ავამუშავოთ ჩვენში თვითცენზორის ინსტიქტი და „შავ ყუთს“ „სამკვდრო-სასიცოცხლო“ ბრძოლა გამოვუცხადოთ!..
თუ ეს არ შეგვიძლია, გამოდის, რომ ქვეცნობიერად ჩვენში უზნეობისადმი მიდრეკილების „ვულკანმა“ გაიღვიძა და შთანთქმით გვემუქრება! გვაქვს შანსი გადავრჩეთ და მაქსიმალურად თავისუფლებამოყვარულები უმცირესობაში დავტოვოთ.
ნუ შეხედავთ „შავ ყუთს“, იქ მხოლოდ სიბინძურეს იპოვით!
საბა საბახტარაშვილი