რამდენიმე დღის წინ, „ივერიონში“ გავიდა ინფორმაცია, სადაც ადვოკატი ლაურა ღაჭავას თაღლითობაში ადანაშაულებს. მიუხედავად ადვოკატის მიერ გაჟღერებული ფაქტების სიმწვავისა, საქმე მკვდარი წერტილიდან ფაქტიურად არ დაძრულა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე „ივერიონი“ გთავაზობთ ინტერვიუს ადვოკატ თამუნა ქუთათელაძესთან
ქალბატონო თამუნა, თქვენ ლაურა ღაჭავას თაღლითობაში სდებთ ბრალს, იქნებ დააკონკრეტოთ რას ეხება ეს და რა სქემაზეა საუბარი?
_ დიახ, პირდაპირ ვამბობ, რომ ლაურა ღაჭავას თაღლითური სქემის მსხვერპლია არა მარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თამარ დევდარიანი, არამედ, "ქართუ ბანკიც". საუბარია დაახლოებით 50-60 მილიონიან ქონებაზე, რომელსაც ლაურა ღაჭავა უკანონოდ ასხვისებს მისი პირადი ვალების უზრუნველსაყოფად. თამარ დევდარიანი არის შპს "საქართველოს" ერთ-ერთი მეწილე და შესაძლოა წილის გარეშე დარჩეს.
ამ თაღლითური სქემის ავტორი სწორედ ლაურა ღაჭავაა. ეს ის ღაჭავაა, რომელმაც 2011-2012 წლებში, მის შვილებთან, ერთად კინაღამ რომ მოახერხეს "ქართუ ბანკის" გაკოტრებამდე მიყვანა, სამწუხაროდ, "ქართუ ბანკში" დღესაც ისევ ის იურისტები მუშაობენ, რომლებმაც აღნიშნული ბანკი კინაღამ გააკოტრეს.
მე ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართე "ქართუ ბანკის" იურიდიული დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსს, ბატონ დავით მათიკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში არის მეწილე ქალბატონი დევდარიანი ხოლო მას შპს "საქართველოს" უძრავ ქონებასთან მას საჯარო რეესტრის მიხედვით, არანაირი შეხება არა აქვს.
როდესაც ლაურა ღაჭავასგან 2011-12 წლების, თანხობრივ ვალდებულებასთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა, დავით მათიკაშვილს ამ თანხის ამოღების მიზნით, მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის. აქედანაც ჩანს, რომ იურისტები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ლაურა ღაჭავას უკანონო ქმედებებზე 2011-2012 წლებში. მაინტერესებს, მაშინ რა მექანიზმით მოხდა 2013 წლის ნოემბრის თვეში შპს "საქართველოს" მთელი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრში არ მოიპოვება კრების ოქმი, რომელშიც უნდა ყოფილიყო შპს "საქართველოს" ყველა მეწილის თანხმობა?!
თქვენ ფაქტიურად ბრალდებას უყენებთ "ქართუ ბანკის" იურისტებს. რაში გამოიხატება მათი მხრიდან კანონდარღვევა?
_ ბანკის იურისტებმა კანონის დარღვევით გასცეს ღაჭავას სახელზე 10 მილიონიანი სესხი, წლიური 18 პროცენტიანი სარგებლით. ფაქტია, ღაჭავა წლიურ თანხას, მილიონ 800 ათას დოლარს ვერანაირად ვერ გადაუხდის ბანკს, შედეგად ბანკი ქონებას წაიღებს. ღაჭავას კი 10 მილიონი დოლარის მშვიდად დახარჯვის შესაძლებლობა ექნება, ეს იმ დროს, როდესაც შპს "საქართველოს" 2008 წლიდან დღემდე, წლიური შემოსავალი 90-100 ათას ლარს არ აღემატებოდა.
მას შემდეგ, რაც მედიაში ამის შესახებ პირველი განცხადება გავაკეთეთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონით დავით კოდუა დაუკავშირდა და იმის გარანტად, რომ ქონების გაყიდვის შემდეგ წილის გარეშე არ დარჩებოდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში, მე-5 სართულზე 400 კვადრატული ფართი შესთავაზა, რომელიც იპოთეკით იქნებოდა დატვირთული, შეთავაზებული ფართის ღირებულება კი თამარ დევდარიანის, შპს "საქართველოში" წილის შესაბამისი ქონების ღირებულების მეათედიც არ არის.
ეს შემოთავაზება დავით კოდუამ გააკეთა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ფინანსურ პოლიციაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ დევდარიანი ვეღარ იქნებოდა დაზარალებულად ცნობილი... ეს შემოთავაზებაც კანონის უკანონო მანიპულციაა, რის მიხედვითაც დავით კოდუა შეეცადა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაეთავისუფლებინა ლაურა ღაჭავა, რომლის მიხედვითაც დარწმუნებულები ვართ, რომ დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი სსკ 220- მუხლისა და ამავე კოდექსის 221-ე მუხლის შესაბამისად.
როგორც ჩანს, საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი... კონკრეტულად რა არის თქვენი მოთხოვნა?
_ ჩემი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ დაყადაღდეს აღნიშნული ქონება, ვინაიდან, შპს "საქართველო"-ს დამფუძნებელ პარტნიორთა შორის, მათი წილების შესაბამისად არ მომხდარა ქონების გამიჯვნა. წლების განმავლობაში იბრძოდნენ დამფუძნელები ამ საკითხის გადაწყვეტისთვის, მაგრამ ლაურა ჭაღავას წინააღმდეგობის შედეგად ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის დასტურია შპს "საქართველო"-ს თუნდაც საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც წილობრივად შენობის კვადრატულობა და მათი მდებარეობა არ არის განსაზღვრული თითოეულ მეწილეზე, მათი წილების შესაბამისად შპს "საქართველო"-ში, როგორც თამარ დევდარიანის ასევე სხვა დანარჩენი წილის მფლობელთათვის. ასევე, 2013 წლის 11 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება, ლაურა ღაჭავას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, თუკი რაიმე სარგებლის მომტანი იყო, შპს "საქართველოს" მეწილეებისთვის, მაშინ რატომ დადგა სასტუმრო საქართველოს გაყიდვის საკითხი საერთოდ და სად არის ის მომგებიანი პოზიცია, რომელიც თურმე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა მიეღო საზოგადოებას?
ვერანაირი სამართლებრივი ფორმით ვერ მოვიძიეთ დოკუმენტაცია (სესხის), რის მიხედვითაც ცნობილი გახდებოდა ის გარემოება, სს "ბანკი ქართუ"-მ რის საფუძველზე დატვირთა იპოთეკით შპს "საქართველო"-ს მთელი უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი მელიქიშვილის 12) და რა გადაუდებელი მიზეზის გამო მოხდა შპს "საქართველო"-ს მთელი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა ჩემი თანხმობის გარეშე, რეალური და სამართლებრივად სწორად შედგენილი შპს "საქართველო"-ს კრების ოქმის გარეშე "ბანკი ქართუ"-ს მიერ?
ასევე შპს "საქართველო"-ს დირექტორის ლაურა ღაჭავას მხრიდან სისტემატურად ხდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, როგორც შპს "საქართველო"-ს 5,89% -იანი წილის მფლობელის უფლებების სრული იგნორირება.
ასევე ჩემთვის უცნობია შპს "საქართველო"-ს მთელ უძრავ ქონებაზე იპოთეკის წარმოშობის შედეგად მიღებული თანხის მიზნობრივი ხარჯვის სრული ანგარიში.
ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაციით, ნათლად სჩანს, რომ შპს "საქართველო"-ს გააჩნია ფინანსური პრობლემები, რაც დასტურდება თუნდაც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით, (ასევე არ არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრის ამონაწერში, რეალური იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულებები, რაც რეალურად მისცემდა შპს "საქართველო"-ს ფინანსურ შემოსავალს) ხოლო, "ბანკ ქართუ"-ს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი ინტერესების დაცვის მიზნით იძულებით აღსრულებაში ან იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იმოქმედოს კანონშესაბამისად და შპს "საქართველო"-ს უძრავი ქონება სრულად გადაიფორმოს საკუთრებაში.
ეს ყველაფერი სრულ საფუძველს იძლევა, რომ შპს "საქართველო"-ს მთელი უძრავი ქონება უმოკლეს ვადაში მიექცეს ზემო აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით იძულებით აღსრულებაში, ან კანონიერი გზით გასხვისდეს. თამარ დევდარიანის, როგორც შპს "საქართველო"-ს 5,89%-ის მფლობელის ინტერესები დარჩება მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში ჩანაწერის სახით, მისი წილის შესაბამისი რეალური უძრავი ქონების გარეშე.
დღეს, "ბანკი ქართუსგან" მიღებული წერილი მრავლის მეტყველია, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თამარ დევდარიანის ქონებრივ სიკეთეს რეალური საფრთხე ემუქრება! იმედი მაქვს, ფინანსური პოლიცია მიიღებს სათანადო ზომებს - უმოკლეს ვადებში აღკვეთილი იქნება ღაჭავას უკანონო ქმედება. ვფიქრობ, მან სს "ბანკ ქართუს"-ს იურისტებთან კორუფციულ გარიგებას მიაღწია. აბა ამ ხელშეკრულებას სხვა ვერანაირ შეფასებას ვერ მივცემ.
ესაუბრა ანდრია ლისაშვილი