ივერიონი / კითხვები, რომელსაც საჯარო მოხელეები ვერ პასუხობენ

კითხვები, რომელსაც საჯარო მოხელეები ვერ პასუხობენ

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშნულ პირთა და საკონკურსო – საატესტაციო კომისიის წევრთა კომპეტენციის შემოწმება სცადა. მოვიფიქრეთ რამდენიმე მარტივი კითხვა, რაზედაც პასუხი საჯარო სამსახურში მითუფრო საპასუხისმგებლო პოზიციებზე დანიშნულ მოხელეებს უნდა ჰქონდეთ და ამ კითხვებით მათ მივმართეთ.

აღსანიშნავია, რომ გამგებლის მოადგილეები და სამსახურის უფროსები კონკურსს არ გადიან, მათ გამგებელი პირდაპირ ნიშნავს. მაგალითად გურჯაანის გამგებელმა გივი გერგიძემ განაცხადა, რომ უკონკურსოდ დანიშნული პირები ყველაზე პროფესიონალები არიან.

ჩვენმა მკითხველმა იცის რომ გამგეობებსა და საკრებულოებში კონკურსების ჩატარების მიუხედავად, ვაკანტურ ადგილებზე ძირითადად გამგებლების, მისი მოადგილეების და სხვა თანამდებობის პირთა ოჯახის წევრები და ნათესავები დაინიშნენ.

ძირითადად ნათესავების დასაქმების გამო უსამსახუროდ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ, კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა და იმაზე გაცილებით მაღალი ქულები დააგროვეს, ვიდრე მათმა კონკურენტებმა, მაგრამ მაღალქულიანი კანდიდატები გასაუბრებაზე დაიწუნეს.

ვიდრე კახეთის საინფორმაციო ცენტრი უკონკურსოდ დანიშნულ თანამდებობის პირებს და საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრებს მათი ცოდნის შემოწმების მიზნით კითხვებით მიმართავდა, საკონკურსო საატესტაციო კომისიებიდან გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია, კერძოდ კომისიის წევრების მიერ კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრების მეთოდიკა და ოქმი. არცერთმა მუნიციპალიტეტმა აღნიშნული დოკუმენტაცია არ მოგვაწოდა იმ მიზეზით, რომ ის პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, რაც როგორც იურისტებმა განგვიმარტეს არასწორია, მაგრამ ამ დოკუმენტების მიღებას დიდი დრო სჭირდება, სასამართლოს მეშვეობით რომ მოვიპოვოთ.

წყარო: "კახეთის საინფორმაციო ცენტრი"

 

9-03-2015, 18:21
უკან დაბრუნება